რესპუბლიკის მოედნიდან აეროპორტისკენ ავტოკოლონებით მსვლელობა დაიწყო – აქციის მონაწილეები მოსკოვიდან თბილისისკენ მომავალ პირველ ავიარეისს დახვდებიან და პირდაპირი ფრენების აღდგენას ადგილზე გააპროტესტებენ.
მსვლელობის ვიდეოს სოციალურ ქსელში პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აქვეყნებს და წერს: „დავიძარით აეროპორტისკენ“.
მსვლელობა ანტირუსული შეძახილების ფონზე იმართება. აქცია-მსვლელობის მთავარი ლოზუნგია – „არა რუსულ ფრენებს“.
შეგახსენებთ, 15 მაისიდან ოფიციალურად ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
დღეს მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირველი ავიარეისი სრულდება.
დავიძარით აეროპორტისკენ
Posted by Helen Khoshtaria on პარასკევი, 19 მაისი, 2023