გადაცემა “შუადღის” გუნდმა ბათუმელი მხატვრების ოჯახის შესახებ სიუჟეტი მოამზადა.
ვახტანგ ბესელიას და ნინო ნიჟარაძის სიყვარულის ისტორია ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის და დღესაც გრძელდება.
როგორც ვახტანგ ბესელია საუბრობს, სიყვარულის სიტყვებით ახსნა შეუძლებელია.
“პატარა და ნაზი იყო, 35 კილო ალბათ. ყველა ნინოს ეხმარებოდა. სიყვარულის ახსნა ძალიან რთულია. ერთი შეხედვაც კი საკმარისი იყო. არ ვსაუბრობდით, ეს ყველაფერი თავისთავად მოდიოდა”, – საუბრობს ვახტანგ ბესელია.
როგორც ნინო ნიჟარაძე იხსენებს, დაქორწინებისას ნიშნობის ბეჭედი ორად გააყოფინეს, რადგან საკმარისი თანხა არ ჰქონდათ.
“როდესაც დაქორწინება გადავწყვიტეთ, დედამ უკვე იცოდა და მამაჩემს რომ შემოვუთვალე, რა თქვა იცით, როგორც უნდა ისე მოიქცეს და მე ვითომ არ ვიციო. წავედით, შევიძინეთ ბეჭედი და ორად გავაყოფინეთ. ეს არის ჩვენი ნიშნობის ბეჭედი. აღფრთოვანებული ვარ მისი თვისებებით. მნიშვნელოვანია რომ პატივისცემა არ დაიკარგოს. ერთმანეთს ძალას ვაძლევთ”, – საუბრობს ნინო ნიჟარაძე.
