ლუჰანსკის ოლქში, კერძოდ კი ქალაქ ლისიჩანსკში, საბჭოთა ტანკი T-34 შენიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი დენის კაზანსკი საკუთარ Telegram არხზე ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.
როგორც თავად ამბობს, არ იცის, ეს უკრაინელმა სამხედროებმა გააკეთეს თუ ოკუპანტებმა, მაგრამ, ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტანკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალაქში დამოუკიდებლად მოძრაობდა.
რუსული მედია კი წერს, რომ ლისიჩანსკში მარადიული პარკირების ადგილიდან, 1940-იანი წლების T-34 ტანკი უკრაინელებმა მოიპარეს, ამას კი იმით ხსნიან, რომ ტანკმა მიწაზე მუხლუხების კვალი დატოვა.
„აქ ტანკი იყო და აი, ის გზაშია. არავინ დაიჯერებდა, როგორ მიჰყავდათ იგი? ზეთი, ანტიფრიზი, ბატარეა, დიზელი. ანეკდოტი“, – ამბობს ვიდეოს ავტორი.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში „რონდელის ფონდის“ მკვლევარი და აღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილი ეხმაურება:
„და აი ის ნანატრი მომენტიც დადგა, როდესაც რუსებმა უკრაინასთან ომში T-34-ებიც გამოიყვანეს. კონკრეტულად ეს ტანკი ოკუპირებულ ლისიჩანსკში დააფიქსირეს.
საბჭოთა კავშირი ამ ტანკებით მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და იმ დროისთვის ცუდ ტანკად ნამდვილად არ ითვლებოდა. მაგრამ XXI საუკუნეში ამეებით ბრძოლა?! ოკ, ბრატ!“, – წერს ზურაბ ბატიაშვილი.
ცნობისთვის, T-34 დიდი სამამულო ომის პერიოდის საბჭოთა საშუალო ტანკია, მისი მასობრივი წარმოება 1940-1958 წლიდან დაიწყო. 1942-1947 წლებში – წითელი არმიისა და სსრკ შეიარაღებული ძალების მთავარი ტანკი იყო, სანამ მისი მოდიფიკაცია T-34-85 ჯარებში არ შევიდოდა.
1944 წელს შეიარაღებაში მიიღეს მისი ახალი მოდიფიკაცია T-34-85, რომელსაც ჩვეულებრივი საბაზო T-34-ისგან განსხვავებით, 85 მმ-იანი ქვემეხი მოთავსებული უფრო დიდ კოშკურაში ჰქონდა. 1945 წელს, T-34-85-მა საბჭოთა ტექნიკაში მსუბუქი და მძიმე ტანკების უმეტესობა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა.