9 იანვარს, როდესაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპული ხუთი დედმამიშვილი დაკრძალეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო_ და ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ დაღუპული ბავშვების მამის თავზე მტრედი ზის.
სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ მოქალაქე სოფია დოჩია ავრცელებს მორიგ კადრებს, რომლებშიც ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების მშობლები და მტრედები ჩანან და წერს:
„დედა გაოცებულია მტრედების საქციელით, მათ თბილად ეუბნება: „თქვან გოლვაფირო მა“, ანუ თქვენ შემოგევლეთო“. ეს არის იმედი, რომ მათი შვილები იქცნენ ანგელოზებად და მათ არ მიატოვებენ. დიდება უფალს. ნათელში იყვნენ ჩვენი ზეციური ანგელოზები“, – წერს მოქალაქე ვიდეოს აღწერაში.
ცნობისათვის, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში ტრაგედიის დროს, 5 იანვრის დილას, მხოლოდ ბებია და მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, სახლში ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ქალს, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა. არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, დაღუპული ბავშვების ბებიას მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.