დღეს შალვაობაა და არა ბიძინაობა – ასე გამოეხმაურა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ რეპლიკას, რომელიც პრემიერმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ განაცხადა.
“ბიძინაობაა, ანუ ბიძინა ჩოლოყაშვილობა ტარდება 3 ოქტომბერს, კვირას, კახეთში, ახმეტაში ტრადიციულად. ეს არის მტრებს შეწირული ქართველი გმირი და კახელმა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ეგეც არ იცის. ისიც არ იცის, რომ დღეს შალვაობაა და არა ბიძინაობა, შალვა ახალციხელის ხსენების დღე” – განაცხადა ნათელაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.
შეგახსენებთ, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა მას შემდეგ, რაც გამოაცხადა რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.
„დღეს არის პირველი ოქტომბერი და დღეს არის ბიძინაობა, მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება, პირველი ოქტომბერი, 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა.
ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, პირველ ოქტომბერს, ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
