LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დუეტმა „ჯორჯია“ 15 წლის იუბილე გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა – ჰიტების ცვენა, არაჩვეულებრივი სცენა და სიურპრიზები

1344
დუეტი ჯორჯია

დუეტი „ჯორჯია“ 15 წლისაა. ეს თარიღი მაკა ზამბახიძემ და რატი დურგლიშვილმა არაჩვეულებრივი მუსიკალური დღესასწაულით აღნიშნეს, რომელიც მსმენელით გადაჭედილ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

კონცერტამდე დუეტმა მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყო. პირველივე სიურპრიზი, რომელიც კონცერტის განმავლობაში მსმენელისთვის მზადდებოდა, ღონისძიებამდე მცირე ხნით ადრე გაგვიმხილეს – რატიმ და მაკამ დიდი ხნის მეგობარსა და კოლეგასთან ახალი სიმღერა ჩაწერეს. ლელა წურწუმიასთან შესრულებულმა კომპოზიციამ, რომელიც რატი დურგლიშვილმა დაწერა, რასაკვირველია, განსაკუთრებული ოვაციები გამოიწვია მაყურებელს შორის.

აღსანიშნავია, რომ ულამაზესი დიზაინის სცენაზე მაკა და რატიც ბრწყინავდნენ თავიანთი ჩაცმულობით, ქარიზმით და რაც მთავარია, ცოცხალი შესრულებით.

დუეტ „ჯორჯიას“ მხარს ბენდი და ნიკა ნიკვაშვილი უმშვენებდნენ ორკესტრთან ერთად – სწორედ ნიკას სთხოვეს იუბილესთვის დუეტის რეპერტუარის გაორკესტრება და შესაბამისად, ღონისძიება დახუნძლული იყო უახლესი და სპეციალურად იუბილესთვის შექმნილი ვერსიებით, რომლებიც ძველ სიმღერებს ახლებურ ჟღერადობასა და სულს სძენდა.

რა თქმა უნდა, იუბილე ვერ ჩაივლიდა იმ კომპოზიტორების ნაწარმოებების გარეშე, რომლებსაც დუეტი უკვე 15 წელია, მღერის. მათ შორის განსაკუთრებული იყო დუეტის მიერ რუსა მორჩილაძის სიმღერების შესრულება, თუმცა გამორჩეულად ემოციური იყო დარბაზისთვის, როცა რატი და მაკა ვაჟა დურგლიშვილის კომპოზიციებს მღეროდნენ – „მიჯნურობა“ თუ „გულმართალი კაცი ვარ“ მართლაც დაუვიწყარი გამოდგა მსმენელისთვის.

აღსანიშნავია, რომ კონცერტი ორგანიზებას თავად მაკამ და რატიმ გაართვეს თავი. ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე მაკა აღნიშნავდა, რომ ორგანიზება ძალიან დამღლელი აღმოჩნდა, თუმცა მომღერალს სცენაზე გადაღლა ნამდვილად არ ეტყობოდა და პირიქით, ძალიან ენერგიული იყო. ამის მიზეზი, ალბათ, ის მნიშვნელოვანი თარიღია, რომელიც „ჯორჯიამ“ აღნიშნა – გარკვეული პერიოდი მაკამ და რატიმ თავი სოლოკარიერას მიუძღვნეს, მაგრამ დუეტი „ჯორჯია“ მათ ცხოვრებასა და მუსიკალურ კარიერაში მთავარ მოვლენად რჩება…

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ულოცავს დუეტს 15 წლის იუბილეს და წინსვლასა და მრავალ ახალ ჰიტს უსურვებს!

მასალა მოამზადა ნინო მურღულიამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები