გადაცემაში „უეჭველი ქართველია“ მაია კვესელავა საუბრობს ქორწინებაზე მომღერალ გია სურამელაშვილთან, მათ სიყვარულზე, ერთობლივ ცხოვრებასა და დაშორებაზე.
ის ჰყვება, როდის შექმნა ოჯახი გიასთან ერთად:
„დავიბადე თბილისში. შემდეგ დედა და მამა გაშორდნენ ერთმანეთს და გადავედით ქობულეთში საცხოვრებლად. მე დედას გავყევი. სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე კრასნოდარში. ვარ ფრანგული ენის და ლიტერატურის პედაგოგი. შემდეგ დავოჯახდი, გამიჩნდა შვილი. ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. გია ამბობდა, დედა უნდა იყოს შვილთანო. გია ძალიან კარგი მამა იყო. მალე დავშორდით. ქორწინებისას მე 22 წლის ვიყავი, გია 18-ის. 1987 წელს შევქმენით ოჯახი.. თავიდან ნორმალურად ვცხოვრობდით. შემდეგ გია ჯარში წაიყვანეს, მალევე გაათავისუფლეს ჯარიდან, რადგან შვილი შეეძინა. ბათუმში მსახურობდა, მე და ბავშვი ქობულეთში ვცხოვრობდით…“
მაია კვესელავა ამავე ინტერვიუში იხსენებს, როგორ დაიწყო გიას კარიერა:
„ნუგოზე რომ ფეხმძიმედ ვიყავი, მაშინ იყო ასეთი კონკურსი – „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“. ფილარმონიაში ტარდებოდა და გიამ, ეკა კვალიაშვილმა და ცხონებულმა ლელა სიხარულიძემ გაიმარჯვეს. აქედან წამოვიდა გიას კარიერა. მერე აიყვანა თავის ორკესტრში პევზნერმა. პევზნერის მერე „პირამიდაში“ მღეროდა. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, სოლოკარიერა დაიწყო…“
პოდკასტის რესპონდენტი ასევე ჰყვება, როგორ გადაწყვიტა ემიგრაციაში წასვლა:
„აირია სიტუაცია საქართველოში, ძალიან ჭირდა მაშინ, 90-იან წლებში. უკვე მარტოხელა დედა ვიყავი და გადავწყვიტეთ მოსკოვში წასვლა. ჯერ მარტო წავედი, შემდეგ დედა წავიყვანე, მერე ნუგო. დედას მოსკოვში ორჯერ ინსულტი დაემართა, მთხოვა, საქართველოში წამიყვანე იქ მოვკვდეო. ასე დავბრუნდით. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის დედის გარდაცვალება, იმიტომ რომ სრულად დამოკიდებული ვიყავი დედაზე. ყველანაირად დავობლდი. იმდენად არ ვიყავი ამ დამოუკიდებელ ცხოვრებას შეჩვეული, რომ დავიბენი. რამდენიმე წელი ვმუშაობდი მოლარედ, შემდეგ უკვე საბავშვო ბაღში…
საქართველოში ვეღარ გავჩერდი. წავედი შვედეთში სადაც ორი წელი ვმუშაობდი დალაგებებზე. სხვა პერსპექტივა ქართველებს არ აქვთ. ან არიან მომვლელები, ან დამლაგებლები. მაგრამ შვედეთში, მომვლელები არ სჭირდებათ, იმიტომ რომ სასწაული მოხუცთა თავშესაფრები აქვთ. შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით ამერიკაში. ჩემი რძალი ამბობს: „ინგლისის დედოფალი ხომ უპასპორტოდ დაფრინავდა ყველგან“, და ხუმრობს ხოლმე: „მეორე დედოფალი სახლში მყავსო, სადაც უნდა, იქ დაფრინავს, პრობლემა არა აქვს არსადო“. ზუსტად ოთხი წელი გახდა. ვმუშაობ ძალიან კარგ ბაბუასთან, არიან ოდესელი ებრაელები, ძალიან კარგი ხალხი. აი, მაგაში ძალიან გამიმართლა. დილით მივდივარ, საღამოთი მოვდივარ.“
