მსახიობი გიორგი მახარაძე და მომღერალი მარიამ როინიშვილი ანა ტყებუჩავას პოდკასტ „V ელემენტში“ საუბრობენ, თუ როგორია მათი, როგორც ყოფილი ცოლ-ქმრის ურთიერთობა, რა დაეხმარათ ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაში და როგორ ინაწილებენ პასუხისმგებლობებს შვილზე – უკვე თინეიჯერ ელენეზე.
დაშორების შემდეგ გიორგიმაც და მარიამმაც შექმნეს მეორედ ოჯახი. გიორგის პატარა ნიკა ჰყავს, მარიამ ნადირაძესთან ქორწინებაში, ხოლო მარიამს კირა შეეძინა ვახო კანდელაკთან.
მარიამი:
– ძაან დიდი ბედნიერებაა ამ ბავშვების არსებობა ჩვენს ცხოვრებაში. ესენი არიან ელენე, ერეკლე, ნიკა და კირა. რაც უფრო ვიზრდებით, რაც უფრო ასაკი გვემატება, ვხვდებით, რომ ეს პრიორიტეტები სხვანაირად ლაგდება და სწორია, კარგია. ჩვენი ურთიერთობაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან ჯანსაღი, იმიტომ, რომ სხვანაირად არც მე და გიორგი არ ვიქნებოდით დღეს თქვენი სტუმრები… თავს არ ვიქებ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენ კარგი ადამიანები შევხვდით ერთმანეთს, ოღონდ რაღაცნაირად გავიზარდეთ, აქამდე მოსვლა არ იყო ადვილი და არ იყო ია-ვარდით მოფენილი ეს გზა. მაგრამ მთავარი არის ის, რომ გავიზარდეთ, გავზარდეთ საკუთარი თავები, არ ჩავრჩით სადღაც…
ეს ძაან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ხანდახან ვიხარშებით ჩვენ, ადამიანები ერთი და იგივე, ერთი და იგივეში და ლპობას იწყებ ამ ერთი და იგივეში, ვერ ვითარდები, პიროვნულად ვერ ვითარდები პირველ რიგში და ჩვენ შემთხვევაში ასე არ მოხდა, გაგვიმართლა. ბავშვებიც ახალისებენ აბსოლუტურად ყველაფერს იმიტომ, რომ მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, როდესაც ნიკას სურვილი აქვს, რომ ჩემთან, ჩვენთან დარჩეს სახლში. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, ჯანმრთელ ურთიერთობაზე.
ყველაფერი ერთ დღეში არ დალაგდა, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ჩემი და გიორგის გზა იყო დასალაგებელი და მერე ყველაფერი თავისით ლაგდება… არაფერს ისე არ ვუფრთხილდები ცხოვრებაში, როგორც ურთიერთობებს. დღეს უკვე დღეს 36 წლის მარიამი სხვანაირად ფიქრობს. ალბათ მაშინაც ვამბობდი და ვთვლიდი, რომ ურთიერთობა ძაან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამისთვის არაფერს ვაკეთებდი, ან იმდენს არ ვაკეთებდი… ახლა გიორგის ოჯახი ჰყავს, მეც უკვე ოჯახი მყავს და სულ სხვანაირად ვუყურებ ოჯახს, ოჯახის ცნებას, სხვანაირად ვგრძნობ. ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის შექმნის დროს… ძალიან ბევრი რაღაცა ხდება საკუთარ თავში, გინდა შენი საქმე აკეთო, ისწავლო, მიდებული ხარ ათას რაღაცას და ბევრი რამე იკარგება ამასობაში…
