LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიგა კუხიანიძისა და ნინო ძოწენიძის ვაჟი ხვიჩა კვარაცხელიას ხათრით იტალიურად ამღერდა და ნეაპოლში კლიპი გადაიღო: „ქორწილიდან თამაშზე გარბიან…“

1284
კუხიანიძეები

ახლახან „იუთუბზე“ გამოჩნდა იტალიურენოვანი სიმღერა, რომლის კლიპიც ნეაპოლშია გადაღებული.

სანდრო კუხიანიძისა და თაკო გაგნიძის ერთობლივი ნამუშევარი ძალიან საინტერესო გამოვიდა.

სიმღერა გიგა კუხიანიძის სტუდიაშია ჩაწერილი, მელოდია თავად გიგას ეკუთვნის, არანჟირება კი – ბორიკო შხიანს.

სანდრო გიგა კუხიანიძისა და ნინო ძოწენიძის ერთადერთი ვაჟია, თაკო გაგნიძე კი მომღერალი გახლავთ.

როგორც fortuna.ge-სთან ნინო ძოწენიძე ამბობს, მის ვაჟს სიმღერისადმი ინტერესი ამ დრომდე არ გამოუვლენია, თუმცა ხვიჩას ხათრით ამღერდა.

ნინო ძოწენიძე, მომღერალი: 

„არ ველოდი, რომ ჩემი შვილი ამღერდებოდა. ამღერდა „ნაპოლის“, ფეხბურთისა და ხვიჩას ხათრით. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. ბავშვობაში მღეროდა, მაგრამ ნაკლებად ვაქცევდით ყურადღებას, რადგან თქვა, რომ სიმღერა არ სურდა. იტალიურენოვან სიმღერაში „ნაპოლის“ გამარჯვებაზე მღერის.

კიდევ ჩაწერს სიმღერას?

არ მგონია. ესეც არ მოსწონს, რომ სალაპარაკო გახდა. დედი, კარგია-მეთქი, რომ ვეუბნები, ესეც აღიზიანებს. მე ამ ჩაწერაშიც არ ჩავრეულვარ. გიგამ დაწერა სიმღერა და კლიპიც მან გადაიღო. მგონია, რომ სანდრომ კარგად იმღერა.

გინდა, რომ მუსიკოსი იყოს?

ალბათ, არა. არ ვიცი, დიდად არ მინდა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად არის პერსპექტივა. 19 წლის არის და ამ ასაკში მუსიკოსობის იდეა არ მოსწონს.

თაკო და სანდრო მეგობრები არიან? ბევრს გაუჩნდა კითხვა, შეყვარებულები ხომ არ არიან, რადგან კლიპში ქორწილის კადრებია…

ბავშვობიდან ერთად მოდიან. თაკო გიგასთან გაიზარდა. სიუჟეტიც ასეთი გამოვიდა, რომ ქორწილიდან გარბიან თამაშზე.

ხვიჩას რეაქცია ამ კლიპზე იცით უკვე?

ეს პროექტი ხვიჩასთვის და „ნაპოლისთვის“ მომზადდა და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ნახავს ამ ვიდეოს და იქნება რეაგირებაც.

გიგა კუხიანიძე, პროდიუსერი: 

იქიდან გამომდინარე, რომ წელს ნაპოლის ამხელა წარმატება ჰქონდა და ეს ქართველი ფეხბურთელის დამსახურება იყო, თავისთავად გაჩნდა სურვილი, რომ ამ წარმატებას ჩვენი მხრიდან პასუხი გასცემოდა. პროექტი „გიგა ფროდაქშენმა“ ამ სასიხარულო მოვლენასა და ფაქტს მივუძღვენით. ტექსტის ავტორი არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა გოგონა, თამარ წერეთელი, რომელთანაც ადრეც გვიმუშავია. კლიპი ნეაპოლში გადავიღეთ, სადაც დაგვეხმარნენ უცხოელი ოპერატორები. ზოგადად, უცხოელი სტაფი იყო ნახევრად. ჩემი მელოდიაა, არანჟირება კი ბორიკო შხიანის. არანჟირება უნდა მოგვესწრო იმ პერიოდში, როცა დატვირთული ვიყავი „ევროვიზიაზე“. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბორიკოს, მთელი სული და გული ჩადო. არაერთხელ უმუშავია ჩემს სიმღერაზე და ყოველთვის კმაყოფილი დავრჩენილვარ. ბორიკო შხიანი ჩემთვის ის მუსიკოსია, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი.

შვილი როგორ დაითანხმე მონაწილეობაზე?

რაც შეეხება სანდროს, დამჭირდა დიდი თხოვნა მასთან და ბევრი ხვეწნა-მუდარა, რომ ეს სიმღერა ჩაეწერა. ზუსტად ვიცოდი, რომ სანდროსნაირი ტემბრის მომღერალი მჭირდებოდა. სანდრო ხვიჩა კვარაცხელიას სიყვარულით დათანხმდა ამ პროექტს. თაკო გაგნიძე კი ჩემი მოსწავლეა, ჩემთან გაიზარდა და თავისთავად ის მოვიაზრე, ვიზუალურადაც ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს. კლიპის პროდიუსერი ვიყავი მე, ხოლო რეჟისორი ხათუნა გიორგობიანი, სწორედ მან მოიფიქრა სიუჟეტური ხაზი.

ხვიჩასგან როგორ რეაქციას ელოდებით?

დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კლიპს გამოხმაურება მოჰყვება. როცა ნახავს, მისგან დადებით რეაქციას ველოდებით. ჩვენ მთელი სულით და გულით მივუძღვენით მის წარმატებას და რასაკვირველია, ველოდებით მის გამოხმაურებას…

ინტერვიუ: ნინო მურღულია