საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოა ყველასთვის, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს – აცხადებს გიროგი გახარია.
მისივე განცხადებით, სწორედ ამ ღირებულებებით ხელმძღვანელობს ქართველი ერი, რომელიც მტკიცედ ადგას თავისუფლების, დემოკრატიის განმტკიცების, ძლიერი ეკონომიკის მშენებლობის და თავისი მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზას.
პრემიერის შეფასებით, საამაყოა, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა.
„ჩვენ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ საკვანძო სფეროებში და უმაღლეს დონეზე ავიყვანეთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის კუთხით. ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები დღითიდღე ძლიერდება. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო დიდ პოტენციალს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოიზიდოს მეტი ამერიკული ინვესტიცია და კომპანია საქართველოში. უხილავ მტერთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოში გვაქვს გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვასთან, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვასა და ეკონომიკის აღორძინებასთან. ამიტომაც ვიცით, რომ არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ საფრთხეებთან გამკლავება“, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, ხოლო თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდება.
https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/696013504296046/?q=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&epa=SEARCH_BOX