ის არის ოქროს ფონდი, რომელსაც ჩვენ ახლა უბრალოდ ვაგდებთ და აღარ ვფიქრობთ იმაზე, ხვალ რა იქნება, – აღნიშნულის შესახებ რეჟისორმა დავით დოიაშვილმა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, სპექტაკლები არ განახლდება მანამ, სანამ ანდრო არ დაბრუნდება.
„სანამ ანდრო არ დაბრუნდება, მანამდე სცენა ვერ განახლდება. მორალური უფლება არ გვაქვს რომ დავბრუნდეთ. ანდროს ალბათ ვერასდროს წარმოედგინა, რომ ისეთ სპექტაკლში მოუწევდა მონაწილეობა, როგორიც ხვალ იქნება.
ჩვენ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არ არსებობს და არ შეიძლება, რომ იყოს დამნაშავე. იქნებ მივაწვდინოთ მოსამართლეს ხმა. იმედებს ჯერ კიდევ ვიტოვებ. ანდრო არის ოქროს ფონდი, რომელსაც ჩვენ ახლა უბრალოდ ვაგდებთ და აღარ ვფიქრობთ იმაზე, ხვალ რა იქნება“, – ამბობს დავით დოიაშვილი.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძისთვის შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას, საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ხვალ, 10 იანვარს გადასინჯავს.
სწორედ ხვალინდელ სხდომაზე გადაწყდება, ანდრო ჭიჭინაძე წინასასამართლო სხდომამდე პატიმრობაში დარჩება, თუ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.
ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა.
ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.