13 დეკემბერს, მომღერალ ლალიტა ლომთაძის ახალი ნამუშევრის პრემიერა გაიმართა. Digomi House-ში შეკრებილ საზოგადოებას შემსრულებელმა სიმღერა „შენთან მინდა“ და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი წარუდგინა.
სიმღერა ლალიტამ მეუღლეს, ასევე მომღერალ გიორგი ჭიალაშვილს მიუძღვნა, რომელთან ერთადაც საღამოს განმავლობაში ტანგო იცეკვა.

როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სურდა, რომ საკუთარ ბედნიერებაზე ემღერა. ვიდეორგოლშიც თავად ლალიტა და მისი მეორე ნახევარი მონაწილეობენ.
ლალიტა ლომთაძე სიმღერის შექმნის ამბავს გვიყვება:
2023 წელს დედაჩემმა, თამარ კაკაურიძემ „ფეისბუქზე“ მოძებნა კომპოზიტორი, ეკა სალი, რომელსაც სთხოვა, დაეწერა ჩემთვის დაბადების დღის საჩუქრად სიმღერა. დაახლოებით ორ კვირაში სიმღერა მქონდა მზად. 17 დეკემბერს მაქვს დაბადების დღე და დამირეკეს, აი, დედასგან შენი სიმღერა საჩუქრადო. მელოდია ძალიან მომეწონა. დავურეკე დედაჩემის მეგობარს, ნანა ცინცაძეს და საოცარი ტექსტი დამიწერა. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ასე დამეხმარა. ეს სიმღერა არის ბედნიერებასა და სიყვარულზე. ვუძღვნი ჩემს მეუღლეს, გიორგი ჭიალაშვილსა და ჩემს შვილებს. ბედნიერი რომ ვარ, ეს არის ჩემთვის საკვანძო სიტყვები. სიმღერის არანჟირება გაკეთდა იქს სტუდიოში, ხვიჩა ხარაიშვილთან, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი, რაც შეეხება ჩაწერას, ჩავწერე ნინო წითლაურთან, რომელიც შესანიშნავი მუსიკოსია და მინდა, მის, როგორც ზეპროფესიონალის მიმართ, დიდი მადლიერება გამოვხატო. ბექვოკალი მაიკო მეგრელიშვილს ეკუთვნის.

დაბადების დღე 17 დეკემბერს მაქვს, თუმცა რადგან ოთხშაბათი იყო, პრეზენტაცია შაბათ დღეს გადავწყვიტე, ჩემი დაბადების დღის წვეულებაზე გამოვუშვი ეს სიმღერა და ვიდეორგოლიც. მისი რეჟისორი „ვიღაც გენიოსია“, სწორედ ასეთი სახელი აქვს…
რაც შეეხება კლიპს, სცენარის მხრივ იდეაც ჩემი იყო. მინდოდა, სცენაზე მდგარიყო გოგონა, რომელიც უმღერის მხოლოდ და მხოლოდ ერთ ბიჭს. კლიპში მთავარ როლში არის ჩემი მეუღლე…
ლალიტა, ხმასთან დაკავშირებით მცირე ხნის წინ გარკვეული პრობლემა შეგექმნა…
რაც შეეხება სიმღერასა და პრობლემებს, ნოემბერში, ფაქტობრივად, არ მიმღერია, ვიმკურნალე კისტაზე, ჩავიტარე უამრავი პროცედურა, მადლობა ღმერთს, კისტამ ნელ-ნელა გაწოვა დაიწყო და ახლა დავუბრუნდი ჩემს საყვარელ პროფესიას. მაქვს უამრავი გეგმა ახალი წლის წვეულებებთან დაკავშირებით.

როგორ ფიქრობ, შენი და გიორგი ჭიალაშვილის წყვილი ასე რატომ მოსწონს საზოგადოებას? ფაქტობრივად, დღე არ გაქვთ თავისუფალი, როგორც მომღერლებს…
ჩემი და გიორგის შემთხვევაში ხალხს გულწრფელობა მოსწონს, ალბათ. სცენაზე როცა ვდგავარ, სათითაოდ მიყვარს ადამიანებისთვის სიმღერა, რადგან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. გიორგი უფრო აკადემიური მომღერალია, მე სცენაზე შემიძლია ვიხტუნო და ვიგიჟო. გიორგის ხალხი უსაზღვრო სიამოვნებით უსმენს. ყველაზე დიდ სიამოვნებას ეს მანიჭებს. ამას წინათ ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში იმღერა და მთელი სამზარეულოს პერსონალი გამოფენილი იყო გარეთ, ტირილი ამიტყდა… ფაქტობრივად, ჩაგდება არ გვაქვს, კორპორაციული წვეულება იქნება თუ სხვა საღამოები, მუდმივად დაკავებულები ვართ. ძალიან დიდი მადლობა ყველას ნდობისთვის.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
ეს არის ჩემი პირველი საავტორო სიმღერა, რომელიც მთელი გულით ვიმღერე და ჩავწერე. ვაპირებ, ახალი წლის სეზონი გიორგის კომპოზიციებით დავიწყოთ. გაზაფხულისთვის კი დუეტის ჩაწერას ვფიქრობთ. კომპოზიტორი ნანა იამანიძე მუშაობს უკვე და ჩვენთვის წერს დუეტს. ვფიქრობ, რომ ჩვენი დუეტი აუცილებელია და დიდი ენთუზიაზმით ველოდები. ახალი სიმღერაც აუცილებლად უნდა იყოს ლაღი და დიდი სიყვარულითა და ემოციებით სავსე…
