ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს დაშავებული 13 წლის ლაზარე ლობჟანიძის ოჯახის ახლობელი და გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე აცხადებს, რომ მარიტა მეფარიშვილმა მისი მეგობარი შეგნებულად გადაარჩინა, ჩავიდა აუზში და მის გამოყვანას ცდილობდა.
ზარნაძის თქმით, მთელი საქართველოსთვის მარიტა არის ანგელოზი და მისი სახელი სამუდამოდ უნდა დარჩეს.
“როდესაც ლაზარემ პირველი დარტყმა მიიღო, ვეღარ შეძლო აუზიდან ამოსვლა. მე გუშინაც გავაკეთე ამასთან დაკავშირებით კომენტარი. ვთვლით, რომ მარიტამ შეგნებულად გადაარჩინა ეს ბავშვი, მან ინსტიქტურად კი არ ჩაყო ხელი და ამოიყვანა მეგობარი აუზიდან, არამედ დაინახა ცუდად იყო და გამიზნულად ჩავიდა, მოკიდა ხელი და ცდილობდა მეგობარი ამოეყვანა. ჩვენთვის, მთელი საქართველოსთვის ეს ბავშვი არის ანგელოზი, ამ ბავშვმა მოკლე პერიოდში შეძლო ის, რომ თავი შეაყვარა მეგობრებს და მისი კვალი ამ ქალაქში და ქვეყანაში არ უნდა წაიშალოს. მისი სახელი სამუდამოდ უნდა დარჩეს”, – აცხადებს კონსტანტინე ზარნაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დღეს იაშვილის კლინიკიდან უკვე გაეწერა ერთი მოზარდი, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული მეორე დაშავებული მოზარდის, ლაზარეს მდგომარეობაც.
ვინ არის კაცი, რომელმაც დღეს ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა