საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ძირითადი მეკარე გიორგი ლორია გადაცემაში “ნოესთან” ბავშვობას იხსენებს და საუბრობს, რომ ცხოვრების ეს პერიოდი არ უყვარს.
როგორც ლორია განმარტავს, ბავშვობა ცუდად ახსენდება, რადგან გაჭირვების გამო მშობლებთან განშორება მოუწია.
“იმ გაჭირვების გამო, რომელშიც მე გავიზარდე შეიძლებოდა, რომ არასწორ გზაზე დავმდგარიყავი, მაგრამ ჩემი ოჯახი ჩემ გვერდზე იყო და სწორი მიმართულება მომცა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ბავშვობა არ მიყვარს, გაჭირვებული ოჯახიდან ვიყავი. ერთადერთი კარგი ის იყო, რომ მამაჩემი ცოცხალი იყო, დანარჩენი არაფერი. სულ ცუდი ხდებოდა, კარგს ვერ ვიხსენებ. ძირითადად გაჭირვება იყო, ვხედავდი როგორ მტოვებდნენ სხვაგან, დასავლეთში დამტოვეს დეიდასთან, გაჭირვების გამო. ჩემი დაც სხვაგან იყო. მაინც ყველა კავშირზე ვიყავით, ბოლოს დედამ და მამამ ყველაფერი დაალაგეს.
ნახევარი წელი, შეიძლება ცოტა ნაკლები ვიყავი მშობლებისგან შორს. ძალიან განვიცდიდი, წარმოიდგინე, ზუსტად არ იცი სად არის შენი დედა და მამა. გარდატეხა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკუთარი შემოსავალი გაჩნდა. ბრაზი გამაჩნდა უსამართლობის გამო. ვხედავდი, რომ ზოგიერთს ყველაფერი გაცილებით მარტივად მოსდიოდა, მე ასჯერ მეტი უნდა მეწვალა.
მეზიზღება, როდესაც პატარა ბინაში ცხოვრობ, “ხრუშოვკაში”. წარმოიდგინე 6 ადამიანი ერთ ოთახში. მთელი ცხოვრება საკუთარ სახლზე ვოცნებობდი. ავიხდინე ეს ოცნება, ამისთვის ვიშრომე და ვიწვალე. მამაჩემი 24 საათი ჩემთან იყო, თამაში კი არა ვარჯიშიც არ ჰქონდა გამოტოვებული. ჩემთვის ღმერთი იყო მამაჩემი, ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. ერთი ნახევარი წავიდა”, – საუბრობს გიორგი ლორია.
ამავე თემაზე:
“არ მიყვარს ჩემი ბავშვობა…წარმოიდგინე, არ იცი ზუსტად, სად არიან შენი დედა და მამა” – გიორგი ლორია