სოციალური ქსელი ააფეთქა ნინო ჩხეიძის მიერ დადებულმა ვიდეომ, სადაც ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის ინსპირაციით, ხელოვნურმა ინტელექტმა „წაღვერი და თბილისის“ ახალი ვარიანტი შექმნა. თავიდან მსმენელი დაიბნა და ეს რეალური კომპოზიცია ეგონა, თუმცა შემდეგ ნინომ განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტის ქმნილებასთან გვაქვს საქმე. სიმღერას უკვე 16 000-ზე მეტი მოწონება ხვდა წილად. ნინო fortuna.ge-ს ამ ექსპერიმენტზე ესაუბრება.
ნინო ჩხეიძე:
ხელოვნურ ინტელექტთან ძალიან ვმეგობრობთ ჩვენს სტუდიაში, სულ ვსწავლობთ. ბოლო პერიოდში ერთ-ერთი სიმღერა გახდა ძალიან პოპულარული, რომელიც ეიაიმ გააკეთა. ვიფიქრეთ, „წაღვერი და თბილისი“ კანიე უესტის ხმის ინსპირაციით რომ ემღერა, როგორი იქნებოდა. გავაკეთეთ, დავდეთ სიმღერა ჩემს სხვადასხვა პლატფორმაზე და ორ დღეში ორ მილიონს გასცდა ნახვა.
მერე გადავწყვიტე, რომ დუეტად ჩამეწერა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ითხოვდა დუეტს. არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდან მწერდნენ. ჩემი სოციალური ქსელი ძალიან არის გააქტიურებული ამ სიმღერის ფონზე.
ახლა ვიღებთ კლიპს „წაღვერი და თბილისის“ ამ ვერსიაზე, დუეტზე და ხელოვნური ინტელექტის ბიჭიც იქნება, რომლისთვისაც ჯერ სახელი არ დაგვირქმევია, ჩემი კადრები რეალური იქნება (იღიმის).
კიდევ ხომ არ აპირებ შენი სიმღერის სხვადასხვა ვარიანტის გაკეთებას?
სხვადასხვა პროექტს ვაკეთებ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად. ვმუშაობ უკვე რამდენიმე ვერსიაზე და მალე შემოგთავაზებთ ჩემი სიმღერების მიქსს. ალბომის სახითაც შემოგთავაზებთ ჩემი დაბადების დღისთვის…
ზოგს ეშინია ხელოვნური ინტელექტის ასე გამოყენების…
მე არანაირი შიში არ მაქვს, რადგან ვფიქრობ, ადამიანს ვერ ჩაანაცვლებს. ჩართულობა თუ არ არის ადამიანის, მაშინ ისეთი კარგი არ გამოდის. თვითონ კი არ გააკეთა ხელოვნურმა ინტელექტმა ეს ვერსია, მაგალითად ის, რომ გოსპელის ჟანრში ემღერა, ჩვენ მივუთითეთ. როგორი გინდა, რა სტილის, რა ტემპის, რომელი ინსტრუმენტებით – ეს ყველაფერი უნდა მიუთითო. გოსპელი ძალიან მოუხდა. მოკლედ, ნუ გეშინიათ ხელოვნური ინტელექტის, ძალიან კარგია, თუ სწორად გამოიყენებთ.
რამდენი ხნის წინ დაინტერესდი ხელოვნური ინტელექტით და მისი შესაძლებლობებით?
არაერთი სიმღერა მაქვს წინა ზაფხულიდან მოსინჯული. სიახლე არის ყოველთვის საჭირო და მივესალმები.
ალბათ, ამიტომაც ინარჩუნებ აქტუალობას ამდენი წელია…
ყოველდღიურობას უნდა მიჰყვე და გულისცემაზე უნდა გედოს ხელი. ფაქტია, რომ ეს ჩვენი დღევანდელი რეალობაა. „იუთუბზეც“ ყველაზე რეიტინგული არის ხელოვნური ინტელექტის შესრულებული ქართული სიმღერები. ისრაელში ბოლო კორპორაციულზე რომ ვიყავი, დიჯეის მაგივრად, ხელოვნური ინტელექტის ნამღერი ქართული სიმღერები გადიოდა…
„წაღვერი და თბილისს“ რომ მართლა კანიე უესტი არ მღეროდა, ამ კითხვაზე ბევრჯერ მოგიწია პასუხის გაცემა…
ეს არის ხელოვნური ინტელექტის ხმა, არ არის კანიე უესტის. კადრიც ჩვენი აწყობილია, რადგან ვერც რეალურ კადრს გამოიყენებ და ვერც ხმას, ძალიან დიდი ჯარიმები და რეგულაციებია. თვითონ ვიდეოც ჩვენი გაკეთებულია. ტექსტიც იგივეა, უბრალოდ, ხელოვნურმა ინტელექტმა გადათარგმნა ინგლისურ ენაზე.
გარდა ამისა, კიდევ რაიმე სიახლე ხომ არ გაქვს შემოქმედებითი კუთხით?
გადავიღე კლიპი ახალ სიმღერაზე, რომელიც დამიწერა ნიკა ადიკაშვილმა, ადიკამ. ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. კლიპი გადაიღო ლევან გაბაშვილმა. ვფიქრობ, ჩემს რეპერტუარში ისეთივე გამორჩეული იქნება, როგორიც სხვა ჰიტები. ნამდვილად ზაფხულის ჰიტი იქნება, დარწმუნებული ვარ. არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილმა გააკეთა. პრემიერა შემდეგ კვირას შედგება.
