fortuna.ge დაინტერესდა, რა არის ამჟამად აქტუალური და ტრენდული ქართულ „იუთუბ“-სივრცეში. საინტერესოა, რომ ქართველი რეპერები ათეულში მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ, გარდა ამისა, აქტუალურია ამერიკული რეპიც, რასაკვირველია, ტრენდებში წამყვან პოზიციაზე მოხვდა ფრანგი შემსრულებლის, გიმსის აჭარულ მოტივებზე შექმნილი ახალი ჰიტიც „ნინაო“. მივყვეთ თანმიმდევრულად. წარმოგიდგენთ ყველაზე ტრენდულ კომპოზიციებს.
ამჟამად ტრენდებში პირველ პოზიციას იკავებს ლექს-სენი, თავისი ახალი ჰიტით „შამასხდებიან“, რომელიც ქართულ ხალხურ მოტივებზეა შექმნილი. სიმღერას სამ დღეში 97 000 ნახვა აქვს. ფანდურზე პარტიას ზურა მირზიაშვილი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ კომენტარებში, ძირითადად, დადებითად აფასებენ ლექს-სენის ახალ კომპოზიციას.
მეორე პოზიციას იკავებს ფრანგი შემსრულებლის, გიმსის კომპოზიცია „ნინაო“, რომელიც ქართველების ერთ-ერთ საყვარელ სიმღერად იქცა. სიმღერას რამდენიმე კვირაში 22 მილიონ ნახვაზე მეტი დაუგროვდა, თუმცა ლექს-სენმა პირველი ადგილი წაართვა და ამჯერად ტრენდებში მეორე პოზიციაზეა.
მესამე ადგილს იკავებს ლუკა ჭოხონელიძე დედის, ნატო გელაშვილის სიმღერის ცოცხალი შესრულებით. სიმღერას „ერთი რამე გულიანი“, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში შესრულდა, ორ კვირაში 185 000 ნახვა დაუგროვდა.
მეოთხე პოზიციაზე ტრენდებში გახლავთ Omer Deep კომპოზიციით Joker, არტისტი ელექტრონული მუსიკის, Deep House-ის და Dance-ის ჟანრებში მუშაობს.
მეხუთე ადგილს კი იკავებენ დედა-შვილი, ნატო გელაშვილი და ლუკა ჭოხონელიძე სიმღერით „ქალი ქალობს“, 124 000 ნახვით ორ კვირაში.
მეექვსე პოზიციაზე ტრენდებში გახლავთ თურქი მომღერალი Damla სიმღერით Menimsen, ხოლო მეშვიდე პოზიციას იკავებენ ქართველი რეპერი მასტერი ინფლუენსერ მარიამ ლამაზთან ერთად. შეგახსენებთ, რომ მარიამ ლამაზის პირველი სიმღერის გამოსვლის შემდეგ, მასტერმა მასთან კოლაბორაციის სურვილი გამოთქვა და სულ მალე მარიამის სიმღერის ერთობლივი რემიქსიც წარმოგვიდგინეს.
მერვე პოზიციაზე ასევე ქართველი რეპერი JIKKSია, მის კომპოზიციას კი STranger ჰქვია. 12 დღეში მან 60 000 ნახვა დააგროვა.
ათეულში ადგილს იკავებენ ამერიკელი რეპერი Doechii, რომელმაც ახლახან „გრემი“ აიღო და სამხრეთ კორეელი შემსრულებელი, Jenny კომპოზიციით Like Jenny.