ლიზი გოზალიშვილის The Voice of Germany-ის სცენაზე მიღწეულმა წარმატებამ საზოგადოება აღაფრთოვანა.
ლიზისთან „ეთნოპალიტრამ“ რამდენიმე თვის წინ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის საზოგადოებას გერმანიაში ცხოვრების ემოციებს უზიარებდა.
„მე ვარ ლიზი და უკვე 6 თვეზე მეტია, ვსწავლობ გერმანიაში. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სკოლიდან ერთ-ერთ დაფინანსების პროგრამაზე წარმადგინეს. საქართველოს მასშტაბით 12 კანდიდატი ვიყავით. მივიღე მეილი, რომ სწავლას გერმანიაში გავაგრძელებდი. იმავე წამს შიშის ემოცია დამეუფლა. ვფიქრობდი, ვაიდა არ დამხვდეს ის, რისი მოლოდინიც მქონდა. ვფიქრობდი, იქნებ მე ვერ შევძლო იმ პრობლემების გადალახვა, რომელიც იქ დამხვდება…
ჩამოვედი გერმანიაში, სწავლა საინტერესო აღმოჩნდა, მაგრამ ამავდროულად დამღლელი. ამ ყველაფერს აბალანსებდა ის მოტივაცია, რაც თავიდანვე მქონდა“, – ამბობს ლიზი „ეთნოპალიტრასთან“ მაისში ჩაწერილ ინტერვიუში.