ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, ქვეწარმავლების გამო, სკოლა სწავლების დისტანციურ მოდელზე გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო „ნორი“ ავრცელებს.
სკოლაში სულ 14 მოსწავლეა.
გამოცემა წერს, რომ გველები შენიშნეს როგორც სკოლის შენობის შიგნით, ასევე მის მიმდებარედ, რის გამოც სოფელში არსებული საჯარო სკოლა უკვე მეორე კვირაა სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა.
„სამხრეთის კარიბჭესთან“ სოფელ სამების საჯარო სკოლის მასწავლებლები ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება სწორედ ქვეწარმავლების მომრავლებას უკავშირდება:
„საკლასო ოთახებსა და სამასწავლებლოში შემოდიან. ძველი სკოლაა და შეიძლება საძირკველში არიან. ეზოშიცაა, კედლებზეც. სხვადასხვა ჯიშის ოჯახები არიან, ერთმანეთში არიან გადახლართულები. 10 წელია აქ ვარ, კბენის შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ ეშინიათ ბავშვებს”, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან” ქართული ენის მასწავლებელი, გულნაზი ჩილინგარაშვილი.
მისივე თქმით, ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადაწყვეტილებით, სკოლაში საწავლო პროცესი შენობის და ეზოს შემწამვლის შემდეგ განახლდება.
“მეორე კვირაა დისტანციურად ვართ და სავარაუდოდ ერთი კვირა კიდევ ვიქნებით, ტერიტორია უნდა შეიწამლოს. გველები სოფელშიც ბევრია. მადათაფას ტბაა ჩვენთან ახლოს და სავარაუდოდ მიზეზი ესაა”, – ამბობს მასწავლებელი.