ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც აპრილსა და მაისში უკრაინაში თავად ნახა რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგები, რუსეთს უკრაინაში ომის დანაშაულის ჩადენასა და მსოფლიოსთვის სურსათით შანტაჟის მოწყობაში ადანაშაულებს. გაეროში სიტყვით გამოსვლისას მიშელმა ილაპარაკა არსებულ ცნობებზე იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროები ომის იარაღად იყენებენ სექსუალურ ძალადობას, წამებას, ტერორს და რეპრესიებს.
„ბატონო რუსეთის ფედერაციის ელჩო, მოდი, გულწრფელები ვიყოთ, კრემლი იყენებს სურსათის მარაგს, როგორც ფარულ რაკეტას განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ.
რუსეთის ომის დრამატული შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება და ეს იწვევს საკვებზე ფასების ზრდას, ხალხს სიღარიბისკენ უბიძგებს და იწვევს სიტუაციის დესტაბილიზაციას ყველა რეგიონში. სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებელი მხოლოდ რუსეთია,“- მიმართა მიშელმა გაეროში რუსეთის ელჩს, ვასილი ნებენზიას ნიუ-იორკში გამართულ უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე.
შარლ მიშელის გამოსვლისას დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა ვასილი ნებენზიამ. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გააცილა რეპლიკით, რომ დარბაზიდან გასვლა უფრო იოლია, ვიდრე სიმართლის მოსმენა.
„შეგიძლიათ დატოვოთ დარბაზი, იქნებ უფრო ადვილია არ მოუსმინო სიმართლეს“, – მიმართა შარლ მიშელმა მას დარბაზიდან გასვლისას.
You may leave the room, maybe it’s easier not to listen to the truth, dear Ambassador #Nebenzia @RussiaUN@UN #SecurityCouncil #UNSC pic.twitter.com/aeb1OF4y6T
— Charles Michel (@eucopresident) June 6, 2022
