VII-XII კლასის 20 000-მდე მასწავლებლის გადამზადება იგეგმება. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, ტრენინგ-მოდულები ითვალისწინებს შესაბამისი საგნის მასწავლებლების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას იმ სტრატეგიებისა და მიდგომების დაუფლებაში, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლისას. საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის, ინგლისური ენის, გეოგრაფიის, VII-XII კლასის 20 000-მდე მასწავლებლის გადამზადება 2016 წლის შემოდგომიდან დაიწყება და 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ორ ძირითად ეტაპად იყოფა, რომელიც გულისხმობს ზოგად პროფესიული უნარების სასწავლო კურსს “მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი” და საგნობრივი მეთოდიკის კურსს “ აქტიური სწავლება საგნებში”. მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული, 140-მილიონიანი მეორე კომპაქტის ფარგლებში, 2016 წლიდან ამოქმედდა. პროექტის ინიციატორია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“ და ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების სპეციალისტებისა და ექსპერტების გუნდის მიერ. პროექტის ტექნიკურ და საექსპერტო მხარდაჭერას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფი ახორციელებს.