LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიკა ბუკია: უნდა ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრებაო და მაინც ვერ ვისწავლეთ, ეს ლამაზი გოგო კიდევ ერთი ორსულია, 3 დღის წინ დაკრძალეს

4517
ვიკა 57

ჟურნალისტი ვიკა ბუკია კოვიდთან ბრძოლის საკუთარ მძიმე ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ არასდროს ყოფილა ისეთ პანიკაში, როგორც ახლაა.

ჟურნალისტი სამი დღის  წინ კოვიდით გარდაცვლილ ორსული გოგოს ფოტოს აზიარებს და ამბობს, რომ შედეგი იმ ხალხის დამსახურებაა, რომელმაც ვირუსის ახალ ტალღას უვიცობა და სიშტერე შეაგება.

„უნდა ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრებაო. და მაინც ვერ ვისწავლეთ. სამაგიეროდ ახლა სიკვდილთან თანაცხოვრებას ვსწავლობთ. ესაა: ჩვენ და სიკვდილი ვთანავცხოვრობთ ახლა. მთელი პანდემიის პერიოდში მშვიდად ვიყავი. მშვიდად ვხეხავდი ფეირით გლოვოს კურიერის მოტანილ პროდუქტს; მშვიდად გავაჩინე ნინია არათუ იზოლაციაში, არამედ უსასტიკეს კომენდანტში, რაც კი გვქონია.

მშვიდად ვიტანდი მშობლებთან განშორებას, რომელსაც ჩვენ “დისტანცია” დავარქვით. რომ მცოდნოდა რომ ეს მამას ბოლო წელია, ალბათ ამ დისტანციას ყველაზე დიდ ურთიერთობად გადავაქცევდი. მაგრამ მაშინ არაფერი არ ვიცოდი და ვხედავდი თვეების განმავლობაში მშობლებს ფანჯრიდან.

კიდევ კარგი. იმიტომ რომ პირველი ინფიცირებული გავხდი, რომელსაც N40 კი არ დაირქვა, არამედ იყო ვიკა. ვინ იფიქრებდა? ზუსტად მაშინ როცა ვარკვევდი ვინაა ეს “დონა”, რა კლასტერია, რა ნამცხვრებია.. თურმე მე ვირუსი მქონდა, ზუსტადაც დონასგან მოტანილი. ასე მარტივად ხდება ეს ყველაფერი.

ღლიცინებ ამ დონაზე, ნამყოფიც არ ხარ მათთან და თურმე დონას კლასტერი ხარ. ვწერდი პირველივე წამიდან სიმპტომების შესახებ, პანიკის და პათეტიკის გარეშე, არ ვიმალებოდი, ასე ძალიან რომ მოდაში იყო მაშინ. მინდოდა მომეთხრო საქმიანად და თუ რაღაც მომენტში ემოცია, უფრო უფრო დიდი დოზით იგრნობოდა, ვიდრე სიმპტომების აღწერა – ეგეც კოვიდი იყო (ვიკასთან ერთად). მერე დავმშვიდდი.

ჩემში თავმოყრილი ანტისხეულების და აცრილი ოჯახის წევრების გამო. მაგრამ მერე ისე ახლოს მოვიდა სიკვდილი რომ ჩემი ახლობლების ახლობლებსაც კი მიწვდა. მერე ჩემს ახლობლებს. მერე მთლად ჩემს ძალიან კარგ მეგობრებს ნიუს-ფიდში. და დასახლდა აქ, ჩემი ფრენდების კედლებზე და არსად წასვლას არ აპირებს.

იცვლება შტამები და უფრო და უფრო სასტიკი ხდება სიკვდილი, რომელიც მოვიშინაურეთ. ყველანაირი სიკვდილი სასტიკია, კი, და უდროოც და ყოველთვის შემზარავი, მაგრამ როცა ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი, ჯერ კიდევ ცხოვრებისგან უჭკნობი ადამიანები მიყავს ვირუსს, ადამიანები რომელთა ცხოვრება სავსეა ყველაზე საინტერესო ეპიზოდებით, პატარა ბავშვებით, გეგმებით, ქაოტური ყოველდღიურობით – ამაზე დიდი სისასტიკე რა არის? მოდის კოვიდი და გვართმებს ამ ხმაურიან, ლამაზ ადამიანებს.

არასდროს არ ვყოფილვარ ასეთ პანიკაში, როგორც ახლა ვარ. ჩემს თვალწინ ვითარდება ყველაზე ცუდი სცენარი, რაც კი მოგვისმენია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კოვიდის შესახებ. “კუბოები გინდათ?” მოგვაძახა ერხელ, ერთმა ძალიან უხეშმა კაცმა და აი, ახდა. უბრალოდ იმ კაცმა დღესაც ვერ გაიგო, რომ ჩვენ არ ვართ ამ ნიშნისგების ადრესატი. არაფერი ხალხს არ დაუშავებია. მათ შორის, დიახ მათაც “ანტივაქსერებს” რომ ვეძახით.

მაშინ როცა გვეუბნებოდნენ რომ უნდა ვისწავლოთ “კოვიდთან თანაცხოვრება” ახლა ვსწავლობთ “სიკვდილთან თანაცხოვრებას”. და ყველაზე ნაკლებად ხალხია ამაში დამნაშავე. ყველაზე მეტად კი ის, ვინც კოვიდის ახალ ტალღას უვიცობა, სიშტერე და არჩევნები შეაგება.

ბოდიში, რომ დილადანვე დაგხშხამეთ.

ეს ლამაზი გოგო კიდევ ერთი ორსულია. 3 დღის წინ დაკრძალეს“. – წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები