ეს შეხვედრა სანქცირებული ადამიანის სიაში ჩასმის მიზეზით ჩაიშალა, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არცერთ მხარეს არ გაუკეთებია, ამიტომ ჩვენ გამოვითხოვთ ოფიციალურ ინფორმაციას და მოვისმენთ ოფიციალურ პოზიციას ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირის კარი დაკეტილია და დაკეტილი იქნება.
„ლოგიკურია, რომ თუ იმ ელემენტარულ წესებს არ ითვალისწინებ, რომლითაც პარტნიორთან შეთანხმებები გაქვს დადებული, მაშინ ის კავშირიც არ არის ისეთი, როგორიც თავდაპირველად დაიდო. ლოგიკურია, თუ აქ გაგზავნეს ადამიანი, რომელიც სანქცირებულია, ვერ შედგებოდა ეს შეხვედრა. თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ შედგეს ეს დიალოგი, მოინახება ისეთი ადამიანი, ვინც შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებს.
დიალოგს აზრი ისეთ ადამიანებთან და წარმომადგენლებთან აქვს, რომლებიც ამ დიალოგის იდეას იაზრებენ და იზიარებენ. საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს გარკვეული წესები აქვს. თუ ჩვენი ქვეყანა და „ქართული ოცნება“ მოწადინებულია, რომ ეს დიალოგი შედგეს, კეთილი ინებოს და ყველაფერი გააკეთოს ამისთვის. ჩვენ რასაც ვხედავთ, ამისთვის არაფერს არ აკეთებს“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.
