პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იმედი აქვს, რამდენიმე დღეში შეთანხმება მიღწეული იქნება.
მისივე თქმით, მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისთვის, აუცილებელია, რომ დეტალებზე საჯაროდ არ ისაუბრონ.
„ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ვერ ვიტყვი იმაზე მეტს, ვიდრე ჩემმა კოლეგებმა ისაუბრეს. აღვნიშნავ თვითონ ფაქტს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი კოლეგების, ჩვენი მეგობრების მხრიდან ჩართულობა, რაც მიანიშნებს, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია, ეს გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, გახდეს შესაძლებლობა, რომ უფრო მაღალ სტანდარტებს მივაღწიოთ ამ ქვეყანაში“, – ამბობს კუჭავა და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა, რაციონალური წინადადებების მოსმენის.
„ეს მზაობა იყო ჩვენი მხრიდან ერთი წლის წინაც. გახსოვთ კიდეც, რომ მოეწერა ხელი 8 მარტის შეთანხმებას და შევასრულეთ ყველა ის პუნქტი, რომელიც ვალდებულებად ავიღეთ. ახლაც გამოვთქვამთ დიდ მზადყოფნას, რომ შეთანხმება წარმატებით დასრულდეს. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს შეთანხმების მიღწევა. დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ვიხილავთ ამ კონკრეტული მოლაპარაკებებიდან შედეგს. კიდევ ერთხელ, ჩვენი მხრიდან არის მზაობა.
გვაცადეთ და გაიგებთ ამასაც. აუცილებელია, ყველაფერს პოზიტიურად შევხედოთ. როდესაც გარკვეული გამოწვევაა, გამოვიყენოთ შესაძლებლობად. ამ ეტაპზე ვართ ახლა. დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ქვეყნისთვის და არა რომელიმე პირისთვის და პარტიისთვის, – განაცხადა კახა კუჭავამ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ტვ პირველთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, რაც უნდა სპეკულაციურად ისაუბრონ ამაზე, ფაქტია, რომ პროკურატურა ტელევიზიაში შესვლას არ აპირებს.
„წყარო არ უნდა გაითქვას, ეს არის თქვენი უფლება. ფაქტი ერთია, გუშინ მე რაც მოვისმინე, იყო საუბარი, რომ აი, ახლა უნდა შემოვარდნენ. პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ არაფერ მსგავსს არ აკეთებენ. სულ ეს არის, რაც ვიცი მეც და მათი ქმედებებიც ამაზე მიუთითებს.
რაც უნდა ამაზე ვისაუბროთ, სპეკულაციურად გამოვიყენოთ, ფაქტი არის ერთი – პროკურატურის პირდაპირი განცხადებაა, რომ არ აპირებენ არაფერს. ჩემი აზრით, აღარ ღირს შესვლა იმ დეტალებში, რომელიც არ არის გამომწვევი მიზეზი“, – განმარტა კუჭავამ.
