LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ ამბობს უარს და ვინ ავსებს ქონებრივ დეკლარაციას? – ოპოზიციური პარტიების ნაწილის გადაწყვეტილება

359
ირაკლი კუპრაძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ნიკა გვარამია

ქონებრივი დეკლარაციების შევსებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ნაწილმა განცხადება გაავრცელა.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, არ აპირებენ პარლამენტის წევრის სტატუსით ქონებრივი დეკლარაციის შევსებას. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ანტიკორუფციულ ბიუროს წერილობით მიმართეს. პარტიის წარმომადგენლის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ე.წ. პარლამენტში, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არ არის არჩეული, მონაწილეობას არ იღებენ:

„ანტიკორუფციულმა ბიურომ მოგვმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომ ჩვენ უნდა წარგვედგინა ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, როგორც ე.წ. პარლამენტის წევრებს. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ არანაირი მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდით, არ ვაპირებთ და არც მომავალში დავაპირებთ იმ ე.წ. პარლამენტში, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არ არის არჩეული. ამ შემთხვევაში ის ღალატობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონსტიტუციურ პრინციპებს, დასავლურ კურსს, მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებების დარღვევაში და ქმნის საკანონმდებლო ბაზას, რათა უფრო გამკაცრდეს ადამიანის უფლებების ბრუტალური და საბჭოთა სტილის პოლიტიკა. ამიტომაც მივმართავთ, ჩვენ ფიცი არ დაგვიდია, არც ხელფასს ვიღებთ, არანაირ მონაწილეობას არ ვიღებთ ე.წ. პარლამენტის საქმიანობაში, ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ წინააღმდეგი, რომ გამჭვირვალე იყოს ჩვენი ქონებრივი დეკლარაციები, მათ შორის, რამდენიმე თვის წინ გვაქვს წარდგენილი იმავე ბიუროსთვის ჩვენი ქონებრივი დეკლარაციები. ყველაფერი შეგვიძლია, რომ სხვა ფორმატში გავასაჯაროოთ. სხვათა შორის სხვებს, „ოცნების“ წევრებს, არც აქვთ გასაჯაროებული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერ ფორმატში წარმოვადგინოთ. პარლამენტის წევრის ფორმატი არ არის ჩვენი ფორმატი, რადგან ჩვენ არ გახლავართ არანაირი ნიშნით ე.წ. პარლამენტის წევრები და არც მომავალში ვაპირებთ“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

განცხადება გაავრცელა „კოალიციამ ცვლილებისთვის“, სადაც ნათქვამია, რომ კოალიციის წევრები თანამდებობის პირის დეკლარაციებს არ შეავსებენ.

როგორც კოალიციის წევრები აცხადებენ, „მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხთან ერთად პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისა და ახალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევა გაგრძელდეს“:

„კოალიცია ცვლილებისთვის“ არ ვაღიარებთ რუსულ სტილში გაყალბებულ 26 ოქტომბრის არჩევნებს და არ ვცნობთ ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმურობას. სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი განვაცხადეთ საპარლამენტო მანდატებზე, დაფინანსებაზე და სხვა პრივილეგიებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი კოალიციის ერთიანი პოზიციაა, არ შევავსოთ თანამდებობის პირის დეკლარაციები. გამჭვირვალეობის პრინციპებისა და კანონის მოთხოვნების დაცვით, ჩვენი, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატების დეკლარაციები შევსებულია 2024 წლის არჩევნებამდე. ახლა, ჩვენი სამშობლოსთვის ამ ისტორიულ მომენტში თითოეული ჩვენგანის ვალია, გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობა და ქართველ ხალხთან ერთად პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისა და ახალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევა“,– ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პოზიციას, როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სადეპუტატო მანდატების შეწყვეტას მოითხოვენ, ისინი ქონებრივი დეკლარაციებს მაინც შეავსებენ. მისი თქმით, პარტია „ძლიერი საქართველო“ იცავს საქართველოს მოქალაქეების წინაშე პოლიტიკოსების მხრიდან ანგარიშვალდებულების პრინციპს.

ამასთან, კუპრაძის განმარტებით, „კატეგორიულად მოითხოვენ, რომ გამოქვეყნდეს „ქართული ოცნების“ თვითაღიარებული სახელმწიფო მოხელეების, თანამდებობის პირების, პოლიტიკოსებისა და ყველა იმ პირის დეკლარაციები, ვისაც კანონი ავალდებულებს დეკლარაციის შევსებას“:

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების მარიონეტულმა წარმონაქმნმა, ანტიკორუფციულმა ბიურომ „ქართული ოცნების“ კორუმპირებული ჩინოვნიკების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნება შეწყვიტა, რაც პირდაპირი დარღვევაა და ეწინააღმდეგება საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპს, რასაც ეს ბიურო უნდა ეფუძნებოდეს. ამ უწყების ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილის კარიკატურული პერსონის დანიშვნის შემდეგ საზოგადოება ვეღარ იღებს ინფორმაციას, როგორ მდიდრდებიან ივანიშვილის კარის მსახურები ქართველი ხალხის გაღარიბებისა და საქართველოს ბიუჯეტის დატაცების ხარჯზე. ჩვენ, „ძლიერი საქართველოს“ წევრები, მიუხედავად იმისა, რომ უარი გვაქვს ნათქვამი მანდატებზე ინდივიდუალური განცხადებებით და ჩახსნილი გვაქვს საპარლამენტო სია, რასაც დღემდე განზრახ არ აკმაყოფილებენ, ვიცავთ კანონს, ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების წინაშე პოლიტიკოსების მხრიდან ანგარიშვალდებულების პრინციპს და ვავსებთ დეკლარაციებს, რითიც, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ანგარიშს ვაბარებთ მხოლოდ ქართველ ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს. ეს არის დემოკრატიული საზოგადოების ზედამხედველობის და ჩართულობის ფუნდამენტური უფლებები, ვალდებულებები საზოგადოების წინაშე და არაფერი სხვა. აქვე კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ გამოქვეყნდეს „ქართული ოცნების“ თვითაღიარებული და თვითგამოცხადებული სახელმწიფო მოხელეების, თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების და ყველა იმ პირის დეკლარაციები, ვისაც კანონი ავალდებულებს დეკლარაციის შევსებას – შესაბამის პლატფორმაზე. დეკლარაციის შევსება პოლიტიკოსის მხრიდან არის ანგარიშვალდებულება საკუთარი ხალხის და მოქალაქეების წინაშე. დეკლარაციის დამალვა ან არშევსება არის ტრანსფარენტულობის და გამჭვირვალობის, დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპის დარღვევა და, შესაბამისად, დანაშაული. „ქართული ოცნება“ მალავს ანდა საერთოდ არ ავსებს დეკლარაციებს, რადგან მათ არ უნდათ, საზოგადოებამ დაინახოს მათი დანაშაულები, როგორ მდიდრდებიან ისინი ქართველი ხალხის ხარჯზე. ჩვენ, „ძლიერ საქართველოს“ დასამალი არაფერი გვაქვს, განსხვავებით კორუმპირებული „ქართულ ოცნებისგან“. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, ის საზოგადოებას თამამად აბარებს ანგარიშს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ – ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება ჩვენ მოვიხადეთ არა ამ არალეგიტიმური პარლამენტის ან რომელიმე სხვა არალეგიტიმური უწყების წინაშე, არამედ ქართველი ხალხის, ჩვენი ამომრჩევლისა და კანონის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

magti 5g