LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები და როგორ გამდიდრდნენ ისინი

591
ჯკბკჯჯკ

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს რამდენიმე საერთო აქვთ – რევოლუციური იდეები, შრომითი ეთიკა და აბსოლუტური ერთგულება საკუთარი კომპანიებისადმი. ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები და როგორ გამდიდრდნენ ისინი?

ჯეფ ბეზოსი

2020 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი სწორედ ,,ამაზონის” დამაარსებელი და გენერალური დირექტორი, ჯეფ ბეზოსია. მისი ქონება 113 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.

ბეზოსმა ,,ამაზონი” 1994 წელს, სიეტლის ერთ-ერთ გარაჟში ჩამოაყალიბა. იქამდე მან იდეა წიგნების ონლაინ-მაღაზიის შესახებ თავის ბოლო უფროსს მიაწოდა, რომელიც შეთავაზებამ არ დააინტერესა.

მიუხედავად იმისა, რომ ,,ამაზონი” თავიდან წიგნების ონლაინ-მაღაზიად იყო ჩაფიქრებული, ნელ-ნელა მან ასორტიმენტი გააფართოვა და დღეს მსოფლიოში უმსხვილეს მიმწოდებლად მიიჩნევა. amazon.com-ზე ნებისმიერი რამის შეძენაა შესაძლებელი. ბეზოსი თავის კომპანიას ,,დედამიწაზე მომხარებელზე ყველაზე მეტად ორიენტირებულ” დაწესებულებად მიიჩნევს.
მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერი სწორედ ,,ამაზონის” წყალობით გახდა, ეს ბეზოსის ერთადერთი კომპანია არ არის. მას ასევე ეკუთვნის საავიაციო-კოსმოსური კომპანია Blue Origin და ავტორიტეტული გამოცემა The Washington Post.

ბილ გეითსი

ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს ,,მაიკროსოფტის” თანადამფუძნებელი ბილ გეითსი იკავებს. მისი ქონება ბოლო მონაცემებით 99 მილიარდი აშშ დოლარია.
ცნობილმა ფილანტროპმა ,,მაიკროსოფტი” 1975 წლის 4 აპრილს, პოლ ალენთან ერთად დააარსა. ბავშვობის მეგობრებმა გადაწყვიტეს ერთად ემუშავათ საერთო ინტერესის სფეროში, კომპიუტერულ პროგრამირებაში. კომპანიის სახელი ალენმა მოიფიქრა, იგი micro-computer software-ის შემოკლებული ვარიანტია.

ბილ გეითსი მსოფლიოში ცნობილია საქველმოქმედო საქმიანობით. იგი მეუღლესთან, მელინდა გეითსთან ერთად უძღვება საქველმოქმედო ფონდს, რომელმაც მილიარდები დახარჯა პოლიომილიტსა და მალარიასთან ბრძოლაში. 2014 წელს გეითსმა 50მლნ. აშშ დოლარი გაიღო ებოლასთან საბრძოლველად, იგი აქტიურადაა ჩართული ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშიც, აფინანსებს რამოდენიმე ძვირადღირებულ ვაქცინაზე მუშაობას.

ბერნარდ არნო

71 წლის ფრანგი ბიზნესმენი ტოპ 5-ში ერთადერთი არაამერიკელია. მისი ქონება ბოლო მონაცემებით 76 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

არნომ თავისი იმპერიის შექმნა 25 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც თავისი ოჯახის კუთვნილი პატარა სამშენებლო ფირმა გაყიდა. ამბიციური ახალგაზრდა აშშ-ში გაემგზავრა და ცდილობდა, აღებულიფული რაც შეიძლება სარფიანად დაებანდებინა. 1984 წელს არნომ ტექსტილის გაკოტრებული კონგლომერატი „ბუსაკი“ შეიძინა, რომლის შემადგენლობაში მოდის სახლი „კრისტიან დიორიც“ შედიოდა. მოდის სამყარომ არნო მალე მოხიბლა, ამიტომ მან 1988 წლიდან, კომპანია „ლუი ვიტონის” აქციების ყიდვა დაიწყო.
დღესდღეობით არნოს კომპანია ფუფუნების საგნების და აქსესუარების უმსხვილესი მიმწოდებელია ბაზარზე.

უორენ ბაფეტი

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეოთხე ადგილს 89 წლის ამერიკელი ინვესტორი და ფილანტროპი, უორენ ბაფეტი იკავებს, რომელსაც უტყუარი ბიზნეს-ალღოს გამო ხშირად ,,ომაჰას ორაკულს” ეძახიან. ბაფეტი დღემდე ომაჰაში, ნებრასკაში ცხოვრობს იმ 5-საძინებლიან სახლში, რომელიც 1958 წელს 31 500 დოლარად (დღევანდელი კურსით 260 000 დოლარად) იყიდა. დიახ, უორენ ბაფეტი ცხოვრების წესით ძალიან განსხვავდება სხვა მილიარდერებისაგან. ის არც უძრავი ქონების, არც ხელოვნებს ნიმუშების და არც მანქანების, ან იახტების კოლექციას აგროვებს. მსოფლიოში რიგით მეოთხე უმდიდრეს ადამიანს მძღოლიც კი არ ემსახურება. იგი დღემდე თავად მართავს 2014 წლის Cadillac XTS-ს.

ბაფეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქველმოქმედია. მისი ანდერძის მიხედვით, თითქმის მთელი მისი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდება. ბაფეტის ქონება ბოლო მონაცემებით 68 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება.

ლარი ელისონი

მომავალი მილიარდერის ცხოვრება თავიდანვე სირთულეებით იყო სავსე. მას 9 თვის ასაკში პნევმონია აღმოაჩნდა, რის გამოც ბიოლგიურმა დედამ შვილზე უარი თქვა და იგი თავის დეიდას და ბიძას მიაშვილა. ლარიმ 12 წლის ასაკამდე არ იცოდა, რომ ნაშვილები იყო, ბიოლოგიურ დედას კი პირველად 48 წლის ასაკში შეხვდა.

1970-იან წლებში ელისონმა მუშაობა დაიწყო Ampex Corporation-ში, სადაც მისი ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარი CIA-სთვის მონაცემთა ბაზის შექმნა იყო. 1977 წელს მან ორ პარტნიორთან ერთად საკუთარი კომპანია დააარსა.

ადამიანები, რომლებიც მას პირადად იცნობენ აღნიშნავენ, რომ ელისონისათვის უცხოა ადამიანური ემოციები და სისუსტეები. იგი ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობებით და მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდა და სწამდა, რომ გაცილებით უკეთესია დაიმსახურო ადამიანების პატივისცემა, ვიდრე სიყვარული.

ლარი ელისონის ქონების საერთო ღირებულება 59 მილიარდი აშშ დოლარია და იგი ამ მაჩვენებლით მსოფლიოს მეხუთე უმდიდრესი ადამიანია.

ამანსიო ორტეგა

ესპანელი მილიარდერი და ,,ზარას” დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა მრავალშვილიან ოჯახში, უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებოდა. მომავალი მილიარდერის ცხოვრება ტანსაცმელს 13 წლის ასაკში დაუკავშირდა, როდესაც ტანსაცმლის პატარა მაღაზიაში გამყიდველად მუშაობის დაწყება მოუწია. პატარა ამანსიო მუშაობის პროცესში საფუძვლიანად დაეუფლა ცოდნას ქსოვილების, ძაფების და ჭრა-კერვის ტექნოლოგიების შესახებ. მან მიზნად ტანსაცმლის მაღაზიის გახსნა დაისახა, სადაც ტანსაცმელი ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდებოდა. 1975 წლის 15 მაისს, ორტეგამ ესპანეთის ქალაქ კორუნიაში ,,ზარას” პირველი მაღაზია გახსნა.

დღესდღეობით ,,ზარას” მაღაზიები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ფუნქციონირებს, მის განსკუთრებულ პოპულარობას კი ის ფაქტი განაპირობებს, რომ ტანსაცმელი ხარისხიანი და სხვა ბრენდებთან შედარებით გაცილებით ხელმისაწვდომია.

ამანსიო ორტეგა წყნარი ცხოვრების მოყვარულია. იგი მკაცრად ასაიდუმლოებს პირადი ცხოვრების დეტალებს და საზოგადოებაში არც ისე ხშირად ჩნდება. 84 წლის მაგნატის ქონება ბოლომონაცემებით 55.1 მლრდ. აშშ დოლარადაა შეფასებული.

მარკ ცუკერბერგი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მარკ ცუკერბერგია. ,,ფეისბუკის” დამაარსებლის ქონება ამ დროისათვის 54.7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ცუკერბერგს ,,ფეისბუკის” შექმნის იდეა ერთ-ერთ პრესტიჟულ კერძო სკოლაში სწავლის დროს დაებადა, სადაც ახალ მოსწავლეებს მათი ყველა თანაკლასელის ფოტოებისა და კოორდინატების შემცველ ცნობარს ურიგებდნენ, რომელსაც სწორედ The Facebook ერქვა.

მშობლებმა ცუკერბერგს პირველი კომპიუტერი 10 წლის ასაკში აჩუქეს, თუმცა მარკმა გადაწყვიტა ის არა გასართობად, არამედ სერიოზული მიზნებისათვის გამოეყენებინა და პროგრამირების სწავლა დაიწყო. ძალიან მალე მას უკვე შეეძლო პატარ-პატარა პროგრამების დამოუკიდებლად წერა და გამოყენება. ძალიან მალე ვუნდერკინდმა თავის მეგობართან ერთად მუსიკალური პლეერი Synapse შექმნა, რომლის ყიდვაც ,,მაიკროსოფტს” სურდა. თუმცა მეგობრებმა გაყიდვის მაგიერ იდეა დააპატენტეს.

მარკ ცუკერბერგი სხვა მილიარდერებს არ ჰგავს. იგი თავის პირველ სიყვარულზე, პრისცილა ჩანზე დაქორწინდა და ქორწილი ჩვეულებრივ სახლში, ოჯახურ წრეში გადაიხადა. ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის დამაარსებელი ცნობილი ქველმოქმედია, რამოდენიმე ენას ფლობს და ცნობილია იმით, რომ უბრალოდ იცვამს.

და-ძმა უოლტონები

მილიარდერთა ტოპ-10-ში ბოლო სამ ადგილს მსოფლიოში უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელის, Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის შვილები იკავებენ. ისინი დანარჩენი მილიარდერებისაგან იმით გამოირჩევიან, რომ ქონება მემკვიდრეობით ერგოთ. ,,სუპერმარკეტების მეფედ” წოდებული სემ უოლტონი ღარიბ ოჯახში დაიბადა, თუმცა მძიმე შრომის ფასად წარმატებას მიაღწია. მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარში გაიწვიეს, თუმცა გულის პრობლემების გამო საავიაციო ნაწილის მომმარაგებლად დანიშნეს, სემი მიხვდა, რომ ვაჭრობა მისი მოწოდება იყო და ომის დასრულების შემდეგ პატარა მაღაზია გახსნა, რომლეიც წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომით მსოფლიოში სუპერმარკეტების უმსხვილეს ქსელად აქცია.
სემ უოლტონის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება მეუღლეზე და შვილებზე გადანაწილდა.
მილიარდერთა სიის მე-8 ადგილზე სემ უოლტონის უმცროსი ვაჟი, ჯეიმსია, რომლის ქონების საერთო ღირებულებაც 54.6 მილიარდი აშშ დოლარია.
ძმას ოდნავ ჩამორჩება მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონი, ელის უოლტონი, რომლის ქონებაც 54.4 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.
სემ უოლტონის უფროსი ვაჟის, რობსონ უოლტონის ქონება 54.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

უოლტონები დღესდღეობით მსოფლიოს უმდიდრეს ოჯახს წარმოადგენენ. მათი ქონების საერთო ღირებულება 190 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

სემ უოლტონი

და-ძმა უოლტონები

 

 

 

 

magti 5g