LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან, რას საქმიანობდნენ და რატომ გადაწყვიტეს ცესკოს თავმჯდომარეობა – ორი შერჩეული კანდიდატის ბიოგრაფია

1367
KANDIDATEB

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევა დასრულდა.

სპეციალურმა კომისიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ გასაუბრებაზე ცესკოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი შეარჩია.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის წევრებიც აცხადებენ, რომ ცესკოს თავმჯდომარეობა ბევრს არ სურს, რადგან წინასწარ იციან, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდებიან, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავების სურვილი მაინც ბევრმა გამოთქვა. 

11 კაციანმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის რვა კანდიდატს მოუსმინა.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატია, გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც 2019 წელს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

 

 

ის 1984 წელს დაიბადა.  დაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო, უმაღლესი განათლება – აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით.

აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალისტის კვალიფიკაცია.

კალანდარიშვილმა ასევე დაამთავრებული აქვს იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და აქვს იურისტის კვალიფიკაცია მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხით.

სტაჟირება გაიარა იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.

საერთაშორისო პროექტით რამდენიმე თვით იმყოფებოდა ბრიტანეთში.

2005-2008 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებებში მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი 2008 წელს მიიღო. ამის შემდეგ კალანდარიშვილი კონკურსის წესით დაინიშნა ცესკოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად.

„არჩევნები პოლიტიკური პროცესია და ბუნებრივია, ამ პროცესს აფილაციები მოჰყვება. მაღალი საჯარო თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, ბუნებრივია, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან სიმპათია თუ ანტიპათია წამოვიდეს. მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი და არ უნდა შეიცავდეს დისკრედიტაციის მცდელობებს. არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არც რაიმე ნათესვური კავშირი და რაიმე სიახლოვე არ გამაჩნია“, – განაცხადა კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების მოსმენისას.

კითხვაზე, ექნება თუ არა მას ყველა პოლიტიკური პარტიის ნდობა, კალანდარიშვილი პასუხობს:

„ჩემი მოლოდინი არის, რომ იქნება ნდობა ზუსტად იმ კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე, რომელიც მე გამაჩნია”, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ხოლო კითხვაზე, გააღრმავებს თუ არა პოლიტიკურ კრიზისს, თუ ცესკოს თავმჯდომარე არა ორი მესამედით, არამედ უბრალო უმრავლესობით დაინიშნება, ამბობს, რომ თუ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროცესების გაჯანსაღება სურთ, მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ.

„მე მოლოდინი მაქვს, რომ მექნება ყველას მხარდაჭერა. მე ჩემს თავს არ შევაფასებდი უნაკლოდ, მაგრამ ამ არსებულ ვითარებაში ჩემი კანდიდატურა არის პრიორიტეტული”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმდჯდომარეობა სურს ცესკოს კიდევ ერთ თანამშრომელს –  გიორგი სანტურიანს.

 

 

1990 წელს დაბადებული გიორგი სანტურიანი დღემდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსია.

სატუნიანი ამბობს, მისი სამუშაო გამოცდილება იძლევა იმის საშუალებას, რომ 2 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებადმე სწორედ ის აირჩიონ.

სანტურიანი ცესკოს ერთ-ერთ დიდ გამოწვევად დეზინფორმაციას ასახელებს.

„არის დეზინფორმაცია, რომელიც კარგად მუშაობს. ე.წ. იარლიყებიდან გამომდინარე შესაძლებელია ძალიან მარტივად თქვა, რომ რაღაც პროცესი გაყალბდა. მაშინ, როცა რეალურად ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იყოს. მე გავეცანი არაერთ ანგარიშს, არსად არ წერია მსგავსი სიტყვები, რომ პროცესი გაყალბდა. თუმცა, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ჩვენ მსგავს გამონათქვამებს ვხვდებით”, – ამბობს სანტურიანი.

რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირებას, მისი შეფასებით, ცესკომ არჩევნების დროს არსებულ გამოწვევას „ღირსეულად უპასუხა”.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩეევნებზე ძირითადი გამოწვევები პროცედურულ ნაწილს უკავშირდებოდა.

“რა იყო ძირითადი? ეს იყო მათ შორის დისბალანსის საკითხი, თუმცა დისბალანსის გამომწვევ მიზეზზე ზუსტად პასუხი არც არავის აქვს, და მათ შორის შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებული ხარვეზები. ეს იყო ორი ძირითადი საკითხი, რაც შემიძლია გამოვყო”, – განცხადა გიორგი სანტურიანმა.

ამასთან, სანტურიანის შეფასებით, ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ რთულ პერიოდში “სიმტკიცის მაგალითი აჩვენა”.

კანდიდატები განსახილველად  პრეზიდენტს წარუდგინეს.

სალომე ზურაბიშვილს განსახილველად 3 დღე ექნება, ვიდრე კანდიდატების საბოლოო ვერსიას საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.

საკანონმდებლო ორგანომ  მათ ნდობა მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს.

თუ ახალ თავმჯდომარეს დეპუტატების 100 ხმა არ ექნებათ, სამი მცდელობის შემდეგ, ის უბრალო უმრავლესობით მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.

magti 5g