25 წელია მანანა ხორბალაძე სამშობლოდან შორს, ბელგიაში ცხოვრობს. ანტვერპენში განსაცდელმა ჩაიყვანა.
გამოცემა „ზმნის“ მკითხველს მანანა ხორბალაძე დაუჯერებელ ისტორიებს უამბობს… ქალი, რომელსაც 33 წლის ასაკში უთხრეს, რომ სამი თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, მას შემდეგ რამდენიმე ათეული წელია ცოცხლობს. მეტიც, მან ბელგიაში, კერძოდ, ანტვერპენში ქართული სკოლა და თეატრი დააარსა და ქართველ ბავშვებს სამშობლოს სიყვარულით ასაზრდოებს.
მანანა ხორბალაძე:
ათეისტი ვიყავი და მეგონა, რომ ჩემს ქმარ-შვილთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობდი. დედა მორწმუნე იყო, ლოცულობდა. მე არ მივყვებოდი ტაძარში. ძალით მომნათლა სვეტიცხოველში. ვეუბნებოდი, აბა, მაჩვენე, სად არის უფალი? შენ რატომ ხდები ავად-მეთქი?
31 წლის ასაკში დაიწყო ჩემი ავადობის პერიოდი. საკვერცხეებზე სიმსივნე ამომკვეთეს. ისე დამთრგუნა სიკვდილის შიშმა, რომ მხოლოდ მასზე ფიქრობდი. როცა უფალი არ გყავს გულში, გეშინია. ოპერაციის წინ ვიხილე მაცხოვარი, თეთრი გრძელი პერანგით, ელვარებდა. ზუსტად ისეთივე, როგორც ხელთუქმნელ ხატზეა. 33 წლის ასაკში ღვთის გზას შევუდექი, მძიმე ავადმყოფობებით.
როცა 9 აპრილის დღეებში, ქაშვეთში სანთლის დასანთებად შევედი, იქ მამა არჩილ მინდიაშვილმა მტირალი მნახა და საკუთარი ისტორია მომაყოლა, მან მითხრა: შენ ქრისტეს შეებრალე და მოგაბრუნა, რომ მის გზას შეუდგე. ამგვარად, უფალმა ჩემი ცოდვილი სული დიდ მოძღვარს, მამა არჩილს ასე ჩააბარა.
გასაძლიერებლად უამრავი სასწაული მომევლინა, უამრავი ხილვა. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
პირველი ოპერაციებიდან სამი წელი რომ გავიდა, ათი კილო დავიკელი. ქაღალდივით გავთეთრდი. თავბრუსხვევა მქონდა. გაქრა ენერგია. დადგინდა სისხლის გათეთრება, ძვლის დაშლა. სამი თვის სიცოცხლე დაგრჩაო, ექიმმა პირდაპირ მითხრა. მაშინ ექიმები ასე პირდაპირ, ამგვარ განაჩენს არ გეუბნებოდნენ. მაგრამ ესეც ღვთის ნებით მოხდა. არანაირი დრტვინვა არ მქონია. იყოს ნება შენი, უფალო. მადლობა ყველაფრისთვის-მეთქი. სამდურავი არ მითქვამს…
როგორც იქნა დამისვეს დიაგნოზი, კისრის არეში და ხერხემალზე მესაჭიროვებოდა ოპერაცია. მაგრამ რამდენიმე ნეიროქირურგმა ოპერაციაზე უარი მითხრა. ოპერაციის დროს ხელ-ფეხი გაგეთიშებაო, მეუბნებდნენ. დავურეკე დედა პარასკევას, საქართველოში ვბრუნდები-მეთქი. მან მითხრა, მოდი, ახლა მე ტელეფონს დავდებ მამა გაბრიელის საფლავზე და შენ უამბე ეს ყველაფერი; ჩათვალე, რომ მამა გაბრიელს ტელეფონზე ესაუბრებიო… ამ საუბრიდან ორი დღის შემდეგ მოხდა გამოცხადება… ჩემს საწოლთან უეცრად მამა გაბრიელი დადგა და მწუხარე სახით მიყურებდა: როგორ იტანჯები, მანანა, შვილო, როგორ?!.. ცრემლები მოსდიოდა. ილოცე, მოთმინება, მოთმინება და აქ მოიცადეო, მითხრა.
ვინც გარისკა და ოპერაციები გამიკეთა დოქტორ რიჩარდ ჰერცი გახლავთ. დღეს ის ჩემი უსაყვარლესი ნეიროქირურგია. ის მიკეთებდა ოპერაციებს – კისერზე, ხერხემალზე, წელის არეში. როცა მე ოპერაციას ვიკეთებდი, საქართველოში ალბათ ყველა ეკლესია-მონასტერში ლოცულობდნენ ჩემზე. პარაკლისები, წირვები გადამიხადეს.
ერთი ოპერაციის წინ, სანამ ნარკოზს გამიკეთებდნენ, ვხედავ შემოდის მამა გაბრიელი, ხორციელად ვიხილე. ენა ჩამივარდა. მოვიდა, შუბლზე ხელი გადამისვა და ლოყა დამადო. ეს ვიგრძენი ფიზიკურად!..
მანანა, მე შენთან ვარ, არ შეგეშინდეს. ჩემი თავის ტვინის მეოთხედს გადმოგინერგავო. ოპერაცია გაგრძელდა რვა საათი და არაჩვეულებრივად ჩაიარა. უნიკალური ოპერაცია ჩატარდა. ნარკოზიდან რომ გამოვედი, არაფერი მახსოვდა. პირველი მამა გაბრიელი გავიხსენე. შემოვიდა ექიმი, აამოძრავე თითებიო, ორივე კიდურებზე ავამოძრავე თითები… დიდება უფალს.
მამა გაბრიელმა იმდენი სასწაული მომივლინა, ძნელია, ერთ სტატიაში ყველას მოუყარო თავი.
უწმინდესს აქვს ნათქვამი, უამრავი წმინდანი ჰყავს საქართველოს, მაგრამ მამა გაბრიელი ყველაზე დიდიაო…
