ცნობილი მესაყვირე კრის ბოტი საქართველოშია, მან ერთი კონცერტი უკვე გამართა, დღეს კი მეორე იმართება. ორივე ღონისძიებაში მასთან ერთად ქართველი ტენორი, ოთარ ჯორჯიკია გამოდის. სხვათა შორის, ის კრის ბოტისთან მხოლოდ საქართველოში არ თანამშრომლობს, ხვალ მასთან ერთად თურქეთში მიემგზავრება, სადაც ასევე მიიღებს მონაწილეობას კონცერტში. მუსიკოსმა მას კიდევ ერთ ღონისძიებაში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა სამწუხაროდ, ქართველი ტენორი დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებს გამგზავრებას, ვინაიდან ბარსელონაში აქვს შემდეგი გამოსვლა დაგეგმილი.
ოთარ ჯორჯიკიას „ფორტუნა“ ექსკლუზიურად დაუკავშირდა.
ოთარ ჯორჯიკია:
დამირეკა ჩემმა მეგობარმა, ნინო ნახუცრიშვილმა და მითხრა, რომ კრის ბოტის ჩემთან თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა. არ ვიცი, საიდან გაიგო ჩემ შესახებ. მივიღე მოწვევა, რადგან სჭირდებოდათ ტენორი, ლონდონში ჩემს აგენტს დაუკავშირდნენ, შეთანხმება გაფორმდა სამ კონცერტზე. მეოთხეზე იყო საუბარი, მაგრამ მე ფიზიკურად ვერ მოვახერხებდი, რადგან იმ დროს ბარსელონაში გამოსვლა მაქვს. საქართველოში ორ, ხოლო თურქეთში ერთ კონცერტს ვმართავთ, სადაც ხვალ მივემგზავრებით.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ უდიდეს მუსიკოსთან ერთად მიწევს გამოსვლა, რომელიც იმავდროულად, ფანტასტიკური ადამიანია. გაოცებული ვარ მისი ბენდის წევრების პროფესიონალიზმით. ასე კომფორტულად თავი არსად მიგრძნია, ერთი სიტყვით ხვდებიან ყველაფერს.
ჩვენ ორი კომპოზიცია შევასრულეთ ერთად, პირველი კრის ბოტის ალბომიდან „იტალია“ და ცნობილი სიმღერა „Time To Say Goodbye“.
როგორი იყო ქართველი მაყურებლის წინაშე ამ ამპლუაში გამოსვლა?
ძალიან ამაღელვებელი. ზოგადად, მიყვარს ასეთი ტიპის ექსპერიმენტები, სადაც ყველაფერი ხარისხსა და გემოვნებაზეა აწყობილი. შესანიშნავი გრძნობაა, როცა მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ შემოქმედთან ერთად გამოდიხარ. ჩემი გამოსვლა კონცერტის ბოლოსაა, მაყურებელი უკვე ემოციებშია, მაგრამ გინდა, საუკეთესოდ წარმოჩინდე… არ მინდოდა, გადამემეტებინა, მაგრამ მსურდა, უკვე არსებული ემოციური ფონი შემენარჩუნებინა. საოცარ გვერდში დგომას ვგრძნობდი დარბაზიდან, დღესაც გამოვდივარ…
ოთარ, რა გეგმები გაქვთ თქვენს კარიერასთან დაკავშირებით?
ბარსელონას შემდეგ პეტერბურგში მელოდებიან, ძალიან კარგი ამბებია, მაგრამ ჯერ დეტალებს ვერ გაგიმხელთ (იღიმის).
ნინო მურღულია