2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 783.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 1 461.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 24.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3 322.2 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 21.0 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-მარტში, 1 860.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9 პროცენტია.
„2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (216.9 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (180.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (176.9 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (568.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (490.0 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (261.8 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (673.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (666.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (376.0 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 411.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 28.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 205.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 81.8 მლნ. აშშ დოლარით (5.6 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 474.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 251.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 225 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.8 პროცენტი)“, – აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.