LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ და რა უშლის ხელს უვიზო რეჟიმის დაწესებას?

98

რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველომ არ მიიღოს ვიზალიბერალიზაცია და ამისათვის ბევრს მუშაობს ევროპაში, ამის შესახებ პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ, რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გარდა ამისა, საქართველოს საკითხს ბლოკავს ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გერმანიის პოლიტიკაზე.

“რუსეთი მუშაობს საქართველოს წინაამდეგ, ხოლო საქართველოს მთავრობამ დააკლო მუშაობა და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ვიზალიბერალიზაცია, შესაძლოა, 2017 წლის იანვრისთვის გადაიდოს, როგორც ამის შესახებ ინფორმაციას  რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი ავრცელებს. საქართველოს მთავრობას მეტი კომუნიკაცია უნდა დაემყარებინა ევროსტრუქტურებთან. როგორც ვიცი, ჩვენი შს მინისტრი გერმანიაში მხოლოდ ერთხელ ჩავიდა, უფრო ხშირად უნდა ჩასულიყო და ემუშავა კოლეგებთან არამხოლოდ ბერლინში, არამედ მიუნხენსა და ბავარიაშიც” – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

პოლიტოლოგის აზრით, საქართველოს  საგარეო პოლიტიკას აქვს ერთი სენი – პოლიტიკოსები მუშაობენ მხოლოდ ბრიუსელთან და ნატოს შტაბბინასთან და არ მიიჩნევენ საჭიროდ ქალაქებთან მუშაობას. თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხავს, რომ ვიზალიბერალიზაციის გადადება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც უკავშირდებოდეს, კერძოდ, ევროპელი დიპლომატები დააკვრიდნენ, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება არჩევნები.

“მე ეჭვი მაქვს რომ ვიზალიბერალიზაცია კიდევ გადაიდება, თუ არ შეიცვლება საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ვინაიდან რუსეთიც გააგრძელებს მუშაობას ჩვენს წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშს წავაგებთ, თუ არ დავუპირისპირეთ  ეფექტური დიპლომატია” – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g