პროექტი „გალერია თბილისი“ კომერციული უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე – MAPIC 2016 – წარადგინეს.
როგორც ”ფორტუნას” თანაინვესტირების ფონდიდან აცნობეს, გამოფენის ფარგლებში ფონდისა და „თბილისი პლაზას” ხელმღვანელებმა შეხვედრები გამართეს „გალერია თბილისით” დაინტერესებულ რითეილერებთან, სავაჭრო ცენტრებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის (software) კომპანიებთან და ციფრული მარკეტინგის ექსპერტებთან. ასევე, დაესწრნენ კონფერენციებს, რომლებზეც წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა გამოფენის მონაწილეებს რითეილ ინდუსტრიის უახლესი ტენდეციები გააცნეს და საუკეთესო გამოცდილებები გაუზიარეს.
ფონდის ინფორმაციითვე, MAPIC 2016 „გალერია თბილისისთვის“ წარმატებული გამოდგა, რადგან პროექტით რამდენიმე ახალი ბრენდი დაინტერესდა. პირველი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც „გალერია თბილისის“ პროექტის გუნდმა საქართველოში შემოიყვანა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი რითეილერი H&M-ია (Hennes & Mauritz).
როგორც საპარტნიორო ფონდში განმარტეს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია სხვა მსხვილ საერთაშორისო რითეილერებთანაც, რომელთა შესახებ საზოგადოება მოლაპარაკებების დასრულებისთანავე შეიტყობს.
შეგახსენებთ, „გალერია თბილისი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს.