LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ როგორ გაიგო „ქართული ოცნების“ დაინიცირებული კანონი ამნისტიაზე – ოპოზიციისთვის რაიმე ჟესტი არ გაგვიკეთებია

114
ამნისტია 11

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის დაინიცირებას ქართული პოლიტიკური სპექტრი არაერთგვაროვნად გამოეხმაურა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება ოპოზიციის მხრიდან პრინციპული საკითხია.

“ამნისტიის შესახებ” ახალი კანონპროექტი დაინიცირდა – ვინ დატოვებს საპატიმროებს?

მან არ გამორიცხა, რომ შემუშავებული კანონპროექტი ერთგვარად ირიბი დაკმაყოფილება იყოს ოპოზიციის მოთხოვნისა.

“ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკების მაგიდასთან ერთ-ერთი პრინციპული საკითხი იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. თუ ეს ამნისტია წულუკიანის მიერ შემუშავებული შემოვლითი გზაა ოპოზიციის ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბუნებრივია ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ამას გვიჩვენებს დრო, როდესაც ისინი გაასაჯაროებენ დეტალებს იმ კანონპროექტის, რომლის მიღებასაც აპირებენ ერთპარტიულ პარლამენტში” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა კი ამბობს, რომ  კანონპროექტზე საზოგადოებამ მეტი დეტალი უნდა იცოდეს. როგორც მან აღნიშნა, ეს ამნისტია ითვალისწინებს მუხლებს და არა პიროვნებებს, შესაბამისად, ის უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც.

გიგი უგულავას განცხადებით, თუ აღნიშნული ამნისტია არ შეეხება გიორგი რურუას, მაშინ ეს იქნება ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“.

„ თუ ეს საყოველთაო ამინისტიაა, ყველას უნდა შეეხოს ის მუხლები, რა მუხლებზეც გაფორმდება ამინისტია, რადგან შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამინისტია მუხლებს ითვალისწინებს და არა პიროვნებებს. ამიტომ დეტალები გვაინტერესებს, მეტი ინფორმაციაა საჭირო და შესაბამისად, თუ პატივს დაგვდებს „ქართული ოცნება“ და უფრო დეტალურად აგვიხსნის, რას აპირებს და როგორ აპირებს, ეს მხოლოდ ამ პროცესს წაადგება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კანონპროექტს გამოეხმაურა  “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი  ოთარ კახიძე.

მისი თქმით, აღნიშნულ ინიციატივაში დაზარალებულისა და საზოგადოების ინტერესი უნდა იყოს დაცული.

“აქ უნდა იყოს დაცული ბალანსი დაზარალებულისა და საზოგადოების ინტერესებთან მიმართებაში. დანაშაულს ჰყავს კონკრეტული დაზარალებული, რომლის უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული, აგრეთვე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესი უნდა იქნას მხედველობაში მიღებული. ამ ინტერესთან ბალანსით უნდა იყოს მიღებული გონივრული გადაწყვეტილება” , – განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი არაძალადობრივი დანაშაულისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ვის და რა მოცემულობით შეეხება აღნიშნული კანონპროექტი, ამასთან დაკავშირებით ღია მსჯელობა გაიმართება.

„ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს არაძალადობრივი დანაშაულისთვის სასჯელის შემსუბუქებას. ვის შეეხება და რა მოცულობით, ამაზე იქნება ღია მსჯელობა და საზოგადოებას საშუალება ექნება, საქმის კურსში იყოს“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სერგეენკოს ჰკითხეს: „ რატომ არ ეხება კანონპროეტი გიორგი რურუას, ასევე დავით გარეჯის საქმეს“, რაზეც  მან განაცხადა, რომ „ამნისტიის შესახებ” კანონი არის ზოგადი და კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე ან სასჯელის შემსუბუქებაზე არ არის მიმართული.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა  პარლამენტში “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის დაინიცირებას და აღნიშნა, რომ კანონპროექტი დაასახელებს დანაშაულის იმ მუხლებს, რომლის მიხედვითაც მოხდება ამნისტია.

„სპეკულაციები რომ გამოვრიცხოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტი არ არის ინიცირებული იმისთვის, რომ ოპოზიციას რაიმე ჟესტი გაუკეთოს საპარლამენტო უმრავლესობამ. „მაღალი პროფილის“ საქმეები ვერ იქნება მოლაპარაკების საგანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კანონპროექტი არ განასხვავებს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს.

„სამი მოსმენით იქნება მიღებული ისეთი კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ორი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას. პირველი – ეს არის ჰუმანური აქტი და ამნისტია, პატიმრების დაბრუნება და რესოციალიზაცია საზოგადოებაში და მეორე – ამ აქტით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონე და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაც უნდა დარჩეს დაცული და არავითარი უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს ამ მიმართულებით. შესაბამისად, საკითხი მიჰყავთ ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამომწურავი მსჯელობის შემდეგ, სამი მოსმენით მივიღოთ ეს პროექტი”,- განაცხადა თალაკვაძემ.

 

კანონპროექთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არაძალადობრივ ქმედებებს შეეხება.

ოხანაშვილმა ოპოზიციურ ჯგუფებს მოუწოდა, პარლამენტში შევიდნენ და აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღონ.

magti 5g