“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომაზე შესვლამდე, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ მას განსახილველი საკითხების დღის წესრიგი არ აქვს. ფოფხაძის თქმით, მთავარი განსახილველი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იქნება. მისი მიზანი კი, ამ სისტემაში ღირსეული ადამიანების მოხვედრაა.
„მოსამართლეობის შერჩევის საკითხთან და ამ თემასთან დაკავშირებულ მოვლენებზე ვისაუბრებთ. მგონია, რომ აქცენტების გადატანა სხვა თემებზე სწორი არ იქნება. ერთი მიზანი გვაქვს – უზენაეს სასამართლოში ღირსეული ადამიანები მოხვდნენ. ამ მიზნის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ყველა. ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ აქვს,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და განაცხადა, რომ ბოლომდე შეეცდება მისი აზრის კოლეგებისთვის გაცნობას.
რაც შეეხება უმრავლესობის დატოვების საკითხს, გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ მას და მის თანამოაზრეებს გასაქცევად საქმე არ აქვთ.
“ჩემი გუნდი არის, იმ ადამიანების ერთობა, რომლებთან ერთადაც ვიბრძოდით. მე ამ ხალხისთვის არ მიღალატია. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის მხარდაჭერით გავხდები ამ ადამიანების მოღალატე. მგონია, რომ მე ჩემი გუნდის, ხალხის და ქვეყნის ერთგული ვიქნები იმით, რომ პრინციპულად დავიცავ ამ პოზიციას. მე არსაიდან წასვლას არ ვაპირებ, თუ ვინმეს უკეთესი არგუმენტები აქვს, მათაც ექნებათ საშუალება გამოთქვან. ვისაც მიგვაჩნია, რომ სასამართლოში ღირსეული ადამიანების დამკვიდრებით ყველაზე დიდ სიკეთეს ვუკეთებთ ქვეყანას, ამ ადამიანებს გასაქცევად საქმე არ გვაქვს,” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.