ახალი შტამების ფონზე კანადაში აცხადებენ, რომ ქვეყანა ძალიან სერიოზული მესამე ტალღის წინაშე დგას. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ, კანადაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში ვირუსს 23 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ვაქცინაციის ფონზე სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსის ახალი შტამი უკვე ცნობილ შტამთან შედარებით უფრო მეტად ახალგაზრდებს აზარალებს და ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამაზე სპეციალისტები საავადმყოფოში გაზრდილი მიმართვიანობის არსებულ მაჩვენებელზე დაყრდნობით საუბრობენ.
ბოლო პერიოდში კანადის ხელისუფლებამ ქვეყანაში სახმელეთო გზით შესული მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენა სავალდებულო გახადა.
Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 6.1 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.