რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ექიმი-პედიატრი, „ავერსის კლინიკის“ პედიატრიული დეპარტამენტის უფროსი – თამარ ობგაიძე სტუმრობდა, რომელმაც ვირუსულ ინფექციებზე, ოტიტებზე, ოტიტების დიაგნოსტირების და მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა და მსმენელს არაერთი საჭირო რეკომენდაცია გაუზიარა.
ქალბატონო თამარ, ამ სეზონზე ყველაზე ხშირად რა ტიპის პრობლემებით მოგმართავენ პაციენტები?
შემოდგომა-ზამთრის პერიოდი, როგორც ყოველთვის, ვირუსული ინფექციების განსაკუთრებული სიხშირით ხასიათდება. გრიპის ვირუსებთან ერთად, სხვა რესპირატორული ვირუსების სიხშირეც იპყრობს ყურადღებას. აღნიშნულ ვირუსულ ინფექციებს ახასიათებს: სიმპტომები სასუნთქი გზების მხრივ, ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ასევე ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით გრიპის დროს, მაღალი ტემპერატურა. გრიპის დროს, მშობლებს ძალიან აშინებთ ხოლმე ეს ცხელება. როგორც წესი, ძალიან ხშირად, ეს დაავადებები გართულების გარეშე მიდის ხოლმე, თუმცა არის შემთხვევები, როცა ისინი რთულდება სასუნთქი გზების ინფექციებით, როგორიცაა ფილტვების ანთება, ბრონქიტი, ასევე ზედა სასუნთქი გზების ინფექციებით, როგორიცაა ოტიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი.
რა სიმპტომებით ვლინდება ოტიტი, როდის უნდა მიიტანოს ეჭვი მშობელმა აღნიშნულ პრობლემაზე?
ოტიტი, შუა ყურის ანთება ბავშვებში ერთ-ერთი ხშირი გართულებაა. ის მოზრდილთა ასაკში უფრო იშვიათად გვხვდება. ადრეულ ასაკში მისი მთავარი მიზეზი ის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებია, რაც ამ ასაკს ახასიათებს. შიგნითა სასმენი მილი, რომელიც ცხვირ-ხახიდან გადის ყურისაკენ, არის უფრო მოკლე, უფრო ფართო, ამიტომ ხახიდან შუა ყურისკენ ძალიან სწრაფად გადის ხოლმე ინფექცია. მისი მთავარი მახასიათებელი ნიშანი არის ტკივილი. ასევე, მას შეიძლება ახასიათებდეს სპეციფიკური ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან, როცა დაფის აპკის მთლიანობა ირღვევა. ადრეულ ასაკში, როცა ბავშვი ტკივილზე ვერ მიგითითებთ, გამოხატულია ძლიერი ჭირვეულობა. ამ დროს, ბავშვი უარს ამბობს ძუძუს და საწოვარას წოვაზე, რადგან კუნთების დაჭიმვა-შეკუმშვა ყურის ტკივილს იწვევს. ეს არის ის მთავარი ნიშნები, რომლებიც ყურის ანთებაზე მიგვანიშნებს. მშობლები, ამ დროს, ძალიან ხშირად იწყებენ ხოლმე თვითმკურნალობას, ანტიბიოტიკების გამოყენებას, რაც ყოვლად დაუშვებელია.
ექიმს აღნიშნული სიმპტომების აღმოჩენისთანავე უნდა მივმართოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი?
დიახ, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.
პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ თუ გაურთულებელი სასუნთქი გზების ინფექციაა და ბავშვის ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის, ჩვენ შეგვიძლია, 2-3 დღე სიტუაცია ვმართოთ ცხელების დამწევი პრეპარატებით, სითხეების მიღებით, მაგრამ თუ პრობლემა გრძელდება, ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ.
თუ ბავშვს აქვს სუნთქვის გახშირება, რომელიც შეიძლება, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციით გართულების ნიშანი იყოს, თუ მას აქვს ძლიერი ჭირვეულობა, თუ ცხელება არის შეუპოვარი და ძნელად ემორჩილება სიცხის დამწევს, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავიწყოთ თვითმკურნალობა და ანტიბიოტიკების გამოყენება, რადგან ანტიბიოტიკები არ ამცირებს ავადობის ხანგრძლივობას, თუ იქ ბაქტერიული ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ არის.
შუა ყურის ანთების მიზეზი მხოლოდ ვირუსული ინფექციებია თუ სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს ის განპირობებული?
ძალიან კარგი კითხვაა, რადგან მშობლებს რატომღაც მიაჩნიათ, რომ თუ სიტუაცია ყურის ანთებით გართულდა, ესე იგი, ბაქტერიული ინფექციაა და სასწრაფო წესით ანტიბიოტიკოთერაპიაა დასაწყები. არა, ასე არ არის, 70 %-ში ის ვირუსული ინფექციებით არის გამოწვეული და მასზე არანაირი ანტიბიოტიკი არ მოქმედებს.
პრობლემური არის ადრეული ასაკის, ჩვილი ბავშვები და თუ კი მათთან არის ცალმხრივი ყურის ანთება, შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში, დაწყებული იყოს ანტიბიოტიკი, მაგრამ ეს აუცილებლად ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. მომდევნო ასაკში ცალმხრივი ყურის ანთება ანტიბიოტიკის დანიშვნის ჩვენება არ არის. ამ დროს ვაკვირდებით და თუ ვხედავთ, რომ ვლინდება ბაქტერიული ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები, თუ ოტიტი არის ორმხრივი, რა თქმა უნდა, საქმეში აუცილებლად ერთვება ანტიბიოტიკი. ამ დროს ანტიბიოტიკი უმეტეს წილად არის ხოლმე დასალევი, თუმცა მშობლები ხშირად თვითონ ირჩევენ საშუალებებს და ანტიბიოტიკის შემცველ წვეთებს თვითნებურად აწვეთებენ ხოლმე ბავშვს ყურში ან ცხვირში, რაც გამართლებული არ არის, რადგან თუ ნამდვილად არის ოტიტი და არის საჭიროება, აუცილებელი ხდება დასალევი ანტიბიოტიკის მიცემა. თუ არის ვირუსული ოტიტი, ვირუსული ინფექციის გართულება, მასზე, რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკის წვეთები არ იმოქმედებს. ასეთ შემთხვევაში, სრულიად სხვა გადაწყვეტილება არის მისაღები.
როგორ ხდება შუა ყურის ანთების დიაგნოსტირება და როგორია მკურნალობის პროცესი ექიმთან ვიზიტის შემდეგ?
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აუცილებელია ისტორიის სწორი შეკრება, რადგან სწორი ანამნეზი ნახევარი დიაგნოზია. აუცილებელია სრულყოფილი გასინჯვა, თუ ყურის ანთებაზეა საუბარი, სპეციალური ხელსაწყოთი ხდება დაფის აპკის, გარეთა სასმენი მილის დათვალიერება და მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ნიშნების გამოვლენისას ისმევა ოტიტის დიაგნოზი და იწყება შესაბამისი მკურნალობა.
ამ დროს, პირველი, რაც ბავშვს აწუხებს, არის ტკივილი და პირველ რიგში, ამ ტკივილს უნდა ვუმკურნალოთ, რომ მისი ცხოვრების ხარისხი მაღალი იყოს და ამისთვის არის ორი პრეპარატი, პარაცეტამოლი და იბუპროფენი, რომლებიც არა მხოლოდ როგორც სიცხის დამწევი, არამედ როგორც ტკივილგამაყუჩებელიც გამოიყენება.
თუ გვაქვს ბაქტერიული ოტიტი, იწყება ანტიბიოტიკოთერაპია. რა თქმა უნდა, ეს ანტიბიოტიკოთერაპია ექიმის მიერ განისაზღვრება. არის შემთხვევები, როცა მშობელს ყურში ჩაწვეთება უადვილდება და ასეთ დროს, უნდა შევარჩიოთ ისეთი საშუალებები, რომლებიც ანტიბიოტიკს არ შეიცავს, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო ეფექტურობით ხასიათდება და აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
როგორ გამოიყენება თქვენს მიერ აღნიშნული ყურის წვეთები, როგორია ჩაწვეთების ტექნიკა?
გამოყენებისას ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ის არ უნდა იყოს ანტიბიოტიკის შემცველი, უნდა იყოს ტკივილგამაყუჩებელი. აუცილებელია, რომ ეს წვეთები ყურში ჩაწვეთებამდე ხელში გაათბოთ, რადგან ცივი წვეთი თავბრუსხვევას გამოიწვევს. ბავშვს აუცილებლად საპირისპირო მხარეს ვაწვენთ, ყური, რომელშიც ვაწვეთებთ, არის ზევით. შემდეგ, ბავშვების შემთხვევაში, ყურს ჩამოვწევთ ქვევით და გარეთ გავწევთ, ხოლო მოზრდილების შემთხვევაში, ავწევთ ზემოთ და გარეთ გავწევთ, რადგან ბავშვის და მოზარდის სასმენ მილს სხვადასხვა მდებარეობა აქვს. ჩაწვეთების შემდეგ, ცოტა ხანი იმავე მიმართულებით უნდა იწვეს ბავშვი, რადგან არ მოხდეს ამ პრეპარატის გადმოღვრა და დაკარგვა.
რომელ ყურის წვეთებს ურჩევდით პაციენტებს?
ყურის წვეთებიდან ამოვარჩიოთ ოტიპაქსი, რომელიც მაღალი ხარისხისაა, რომელიც არ შეიცავს ანტიბიოტიკს და სხვა ნივთიერებებს, არის ანთების საწინააღმდეგო და ძალიან კარგი ტკივილგამაყუჩებელი უნარის მქონეა.
რატომ არის ანტიბიოტიკების მიღება საფრთხილო, რატომ არ შეიძლება მათი თვითნებურად გამოყენება?
ანტიბიოტიკს აქვს ის თერაპიული ეფექტი, რაც მას სჭირდება, ის ჩვენ გვეხმარება ბაქტერიული ინფექციების დამარცხებაში, მაგრამ ბუნებრივია, აქვს გვერდითი ეფექტები. ეს გვერდითი ეფექტები არის, როგორც მოკლე ვადიანი, ისე ხანგრძლივი, რაც წლების მერე ვლინდება. მოკლე ვადიან შემთხვევაში, შეიძლება იყოს ალერგია, ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეა, რომელიც მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული, ძალიან სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით, იმ ადამიანებთან, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, ბავშვებთან, ხანდაზმულებთან. ეს არ არის უბრალო დიარეა, აქ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეთ. გრძელვადიან შემთხვევაში, შეიძლება იყოს ალერგიული დაავადებები. ასევე, არის კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ ექვს თვემდე ასაკში ბევრჯერ დანიშნული ანტიბიოტიკი, სიმსუქნის განვითარების რისკია. რომ აღარაფერი ვთქვათ რეზისტენტულ შტამებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ხვალ თქვენს შვილს იმაზე გაცილებით მძლავრი ანტიბიოტიკი დასჭირდება, ვიდრე დღეს სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკოთერაპიის ძალიან რაციონალური გამოყენება. არ დაგავიწყდეთ, რომ ანტიბიოტიკს თავისი ვადები აქვს. ძალიან ხშირად გამიგია, სიცხე აღარ აქვს, მოდი, მოვხსნათ ანტიბიოტიკი… ასე არ შეიძლება, ექიმის მიერ დანიშნული კურსი აუცილებლად უნდა დასრულდეს.
რას ურჩევდით პაციენტებს, რომელთაც ანტიბიოტიკის გამოყენება სჭირდებათ, როგორ უნდა აიცილონ თავიდან ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეა?
თანამედროვე რეკომენდაციები გვეუბნება, რომ დანიშნული უნდა იყოს პრობიოტიკები, ოღონდ ამ საქმისთვის ყველა პრობიოტიკი არ გამოდგება. აქ გამოდგება ის პრობიოტიკები, რომელთაც მაღალი ხარისხის მტკიცებულებები აქვთ. ეს კი სულ რამდენიმე შტამს აქვს. ერთ-ერთი ასეთი შტამი ჩვენთან ენტეროლის სახელით არის ცნობილი. ეს პრეპარატი ანტიბიოტიკებთან ერთად ინიშნება იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დიარეის პრობლემა.
რა კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინონ პაციენტმა და ექიმმა პრეპარატების შერჩევისას?
პირველ რიგში, არა პოლიფარმაციას, არა ბევრი მედიკამენტის დანიშვნას, მით უმეტეს ბავშვთა ასაკში, სადაც გაცილებით იშვიათად გვხვდება ქრონიკული დაავადებები და ამდენი მედიკამენტის დანიშვნის საჭიროება არ არის. წამალი მხოლოდ და მხოლოდ იმ რეკომენდაციებით უნდა დაინიშნოს, რომელთაც მტკიცებულება აქვთ. პრეპარატები უნდა იყოს დროში გამოცდილი და მათზე ჩატარებული უნდა იყოს უსაფრთხოების, ეფექტურობის კვლევები.
ხშირად კითხულობენ – „საკვები დანამატი ავირჩიოთ თუ პრეპარატი?“ … წამლად რეგისტრაციას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, რადგან ძალიან მკაცრი მოთხოვნებია. საკვებ დანამატებს ასეთი მოთხოვნები არ აქვთ. შესაბამისად, მე და ჩემი კოლეგები ყოველთვის პრეპარატებს ვარჩევთ.
რას ურჩევდით მშობლებს, რა იქნება თქვენი რეკომენდაცია?
პირველ რიგში, მშობლებს ვეტყოდი, რომ საბავშვო დაწესებულებაში არ გაუშვან ბავშვი, რომელსაც აქვს ხველა, ცხვირიდან გამონადენი თუ ცხელება, რადგან ის ავრცელებს ამ ინფექციებს. სწორედ ასეთი ბავშვების მიერ ვრცელდება ხოლმე ბაგა-ბაღებში ასე სწრაფად ვირუსები.
ბავშვს ადრეული ასაკიდან ასწავლეთ ჰიგიენის წესები, რომ დაიბანოს ხელები. ხელების დაბანა გადამდები ინფექციების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ბავშვს ტყუილად არ მივცეთ ანტიბიოტიკები, ხველის წამლები და ა.შ. განსაკუთრებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვთან არ გამოიყენოთ ხველის წამლები და ცხვირში ჩასაწვეთებლები, რადგან 2 წლამდე მათი გამოყენების რეკომენდაცია არ არის. ალტერნატივა არ აქვს სუფთა ჰაერს და სწორ კვებას.