LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც სურვილი ექნება ნაკრებში შანსს ყველას მივცემთ

43

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან:

– ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩზე რას იტყვით?
– გულშემატკივრებთან ერთად, მეც გამარჯვებას ველოდი და ვწუხვარ, რომ ვერ მოვიგეთ, თანაც, რამდენიმე ფეხბურთელის თამაშით ძალიან უკმაყოფილო დავრჩი! შესაძლოა, მეტს ველოდი, მათ კი, კლუბებში სხვადასხვა პრობლემის გამო სრულად ვერ წარმოაჩინეს თავი, მაგრამ როცა ახალი მწვრთნელი პირველივე მატჩში გენდობა და ძირითად შემადგენლობაში გაძლევს თავის გამოჩენის შესაძლებლობას, საკუთარ თავსაც უნდა აჯობო და ბოლომდე დაიხარჯო! სამწუხაროდ, რამდენიმე მოთამაშისგან ვერ დავინახე ასეთი დამოკიდებულება. არადა, ბევრად უკეთ შეუძლიათ თამაში და დარწმუნებული ვარ, ითამაშებენ კიდეც.

– კახა ცხადაძემ თქვა: ჩემთვის გადახდილი კომპენსაცია და ვაისის ხელფასი ჯამში იმდენივე გამოდის, რის სანაცვლოდ მუშაობაზეც თანახმა ვიყავიო…
– თუ ასე ფიქრობდა, თავის დროზე, ჩემთან შეხვედრისას ეთქვა! კახამაც კარგად იცის, რომ რაც მოხდა, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. ის დღეები არც ჩემთვის იყო სასიამოვნო და დარწმუნებული ვარ, არც კახასთვის. ბევრი ისეთი რაღაც ვთქვით, რამაც ჩვენც დაგვაზარალა და კახაც. ყველაფერი გავაკეთეთ,
რომ საქმე აქამდე არ მისულიყო, მაგრამ… რაც მოხდა, მოხდა. სჯობს, ამ თემაზე ლაპარაკს მოვრჩეთ და წარმატება ვუსურვოთ ერთმანეთს. მჯერა, რომ კახა ყოველთვის იქნება ქართული ფეხბურთის და ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი და მისი წარმატება ჩვენც სულ გაგვიხარდება.

– ქეცბაიასა და ცხადაძის დროს ნაკრების კანდიდატად განიხილებოდა ქართული წარმოშობის რამდენიმე “უცხოელი” – გოგია, ვაჩიბერაძე, ჰუფნაგელი, გიგოლაევი და სხვ. ვაისი რას ფიქრობს მათზე?
– არ მინდა, მოვლენებს დავასწრო და გვარს არ ვიტყვი, მაგრამ გაგიმხელთ, რომ ვაისი აპირებს დარეკვას რუსული პასპორტით მოთამაშე ერთ-ერთ ქართველ ფეხბურთელთან.
21-წლამდელთა ნაკრების წევრი გახდა ვაკო გვილია, რომელსაც მანამდე უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია. მოვიწვიეთ ასევე “უკრაინელი” ბექა ვაჩიბერაძეც, მაგრამ თუ ორმხრივი სურვილი არ არის, ნაკრებში ძალით ვერავის ვათამაშებთ. რუსეთის ნაკრებშიც არიან ქართული წარმოშობის ფეხბურთელები. ზოგს სურს ისტორიული სამშობლოს სახელით თამაში, სხვები პირდაპირ ამბობენ, რომ არ უნდათ…
ინფორმაცია ყველა “უცხოელზე” გვაქვს, მოლაპარაკებასაც ვაწარმოებთ მათთან და მშობლებთან. ვისაც სურვილი ექნება და ნაკრებსაც გამოადგება, უყურადღებოდ არავის დავტოვებთ, შანსს ყველას მივცემთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g