იყიდება, თუ არა სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ – ბოლო დღეებში ამ საკითხმა ქართული მედიის ყურადღება მიიპყრო და დიდი ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამიტომ, „ვისოლ ჯგუფი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს რომ სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გაყიდვას არ გეგმავს.
„ბოლო დღეებში, ჩვენს ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვაცხადებთ შემდეგს: სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ნავთობპროდუქტების საცალო ბაზრის ლიდერი და ამ პოზიციას კომპანია უკვე წლებია ინარჩუნებს. ამასთან, არ ვადასტურებთ გავრცელებული ინფორმაციის იმ ნაწილს, რომ სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ იყიდება. უფრო მეტიც, ვაცხადებთ, რომ ამ ინდუსტრიიდან გასვლას არ ვაპირებთ და საშუალო ვადიან პერსპექტივაში ჩვენი ჯგუფის ინტერესია ბიზნესის გამსხვილება, რის გამოც, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ ბაზარზე მოქმედ პატარა თუ მსხვილ სუბიექტებთან გაერთიანებას, რაც არის ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისა და წარმოების ჩვეულებრივი პრაქტიკა.
დაბოლოს, ჩვენი ჯგუფი ყოველთვის იყო ღია და გამჭვირვალე საზოგადოებასთან კომუნიკაციაში და ამა თუ იმ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეების არსებობის შემთხვევაში ჩვენვე ჩავაყენებთ საზოგადოებას საქმის კურსში“, – ნათქვამია „ვისოლ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “რუსთავი 2-მა”, კერძოდ გადაცემა P.S-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია „ვისოლი“ იყიდება და მის ყიდვას რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტი“ და მასთან დაკავშირებული ქართველი პარტნიორები აპირებენ. “რუსთავის 2”-ის ინფორმაციითვე, მოლაპარაკებებს “ვისოლთან” “როსნეფტის” შვილობილი კომპანია, ოფშორში დარეგისტრირებული „პეტროკასი“ აწარმოებს. ის საქართველოში უკვე ფლობს სიდიდით მეორე ავტოგასამართ ქსელს, “გალფს”, ასევე ნავთობტერმინალს ფოთის პორტში.