„აზოვსტალის“ კომპლექსის შიგნით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ქარხნის პერიმეტრი დაარღვიეს, – ამის შესახებ „აზოვის“ პოლკის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო აცხადებს ვიდეომიმართვაში, რომელიც „ტელეგრამზე“ გავრცელდა.
პროკოპენკო მადლობას უხდის მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის მხარდაჭერისთვის და აცხადებს, რომ ვითარება უკიდურესად მძიმეა, მაგრამ დაცვა გრძელდება.
„ორი დღეა მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრა. მიმდინარეობს მძიმე სისხლიანი ბრძოლები. მე ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც ზეადამიანურ ძალისხმევას მიმართავენ მტრის თავდასხმის შესაჩერებლად. მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის უზარმაზარი მხარდაჭერისთვის. სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძანების შესრულებას დაცვის შესანარჩუნებლად“, – დასძინა “აზოვის” პოლკის მეთაურმა.