“ვითიბი ბანკი” სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სთავაზობს მონაწილეობას პროექტში VTB Generation.
როგორც “ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ბანკირებად მომზადებას საწყისი პოზიციებისთვის. “პროექტში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს, სპეციალობით ფინანსები, საბანკო საქმე, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება. კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატები გაივლიან სამთვიან ინტენსიურ სწავლებას ვითიბი ბანკის ტრენინგ-ცენტრში და ორთვიან სტაჟირებას ფილიალებში,”- განაცხადეს “ვითიბი ბანკში”.
როგორც ბანკში განმარტავენ, VTB Generation -ის წარმატებული კანდიდატები გაივლიან სამთვიან ინტენსიურ სწავლებას “ვითიბი ბანკის” ტრენინგ-ცენტრში და სტაჟირებას ფილიალებში. წარმატებული მონაწილეები დასაქმდებიან ბანკის ფილიალებში სხვადასხვა პოზიციაზე საოპერაციოს, სალაროს და საცალო დაკრედიტების კუთხით.
კონკურსი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება: რეზიუმეების განხილვა, ტესტირება, ჯგუფური და ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ.ფოსტაზე [email protected]. CV-ების მიღების ბოლო ვადა: 2016 წლის 12 აგვისტო.
პროექტი VTB Generation დაიწყო 2013 წელს და მის ფარგლებში მომზადდა 4 ნაკადი. საერთო ჯამში პროექტი წარმატებით გაიარა 95 მონაწილემ და ყველა მათგანი დასაქმდა ვითიბი ბანკის ფილიალებსა და სათავო ოფისში.
პროექტი ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით და წარმატებული მონაწილეების დასაქმება შესაძლებელია არა მხოლოდ თბილისის, არამედ ბანკის რეგიონალურ ფილიალებშიც, თუკი მონაწილეებს ამის სურვილი ექნებათ.
