ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქში პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმას აფასებს.
“კორონავირუსის შემოტევის შემდეგ, რომელმაც სხვა ქვეყნებთან შეუდარებლად ნაკლები მსხვერპლი და დაავადებული წაიღო ჩვენგან ჩვენი გმირი და პროფესიონალი ექიმების და მათი ხელშემწყობი მთავრობის დამსახურებით (როგორც არ უნდა ეპიტნავებოდეთ ეს მავანთ), ვიწყებთ ნორმალური ცხოვრების რეჟიმში დაბრუნებას.
უკვე 15 ივნისიდან იხსნება შიდა ტურიზმი, ხოლო უცხოელი ტურისტების მიღება კი 1 ივლისიდან. მთავრობას ვურჩევდი იფიქროს სამედიცინო ტურიზმზე, რომელიც შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი დარგია. მისი ზრდის ტემპები ტურიზმის სხვა სეგმენტებს შორის ყველაზე მაღალია. სამედიცინო ტურიზმის მზარდ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში 50 ქვეყანაზე მეტს სამედიცინო ტურიზმის განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ჰყავს აყვანილი.
ეხლა ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ეტაპობრივი გახსნის ფონზე, ყველაზე მთავარია, რომ ეიფორიას არ მივეცეთ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები ისევე განუხრელად დავიცვათ როგორც ადრე, არ ავყვეთ დესტრუქციული ძალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას და ახალ პოსტ-კორონა პერიოდში მიღებული დახმარების პარალელურად ჩვენც გამოვიჩინოთ ფხა და ვიფიქროთ სად შევძლებთ ყველაზე უკეთ საკუთარი თავის რეალიზებას ახალ სინამდვილეში. ბევრისათვის ეს ახალი სინამდვილე კი ნამდვილად დადგა”,-წერს ზაალ ანჯაფარიძე.