რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ ლიზა ბაგრატიონი და ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრები, ნოდარ მეტრეველი და გიორგი ლომთათიძე სტუმრობდნენ. გადაცემაში ლიზა ბაგრატიონის, ნატო მეტონიძის და „შვიდკაცას“ ერთობლივი ნამუშევრის –„ვარსკვლავები“ პრემიერა შედგა. სტუმრებმა სამომავლო გეგმებზე, ახალ მუსიკალურ ნამუშევრებზე და დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრეს.
ვისაუბროთ სიმღერაზე „ვარსკვლავები“, როგორ შეიქმნა აღნიშნული ნამუშევარი და ვის ეკუთვნის იდეა?
ლიზა ბაგრატიონი: რომა რცხილაძე ჩვენთვის, ყველასთვის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსია. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს ბევრი სიმღერა, ჩემთვის და ბიჭებისთვისაც ყველა მისი ნამუშევარი რეპერტუარში სიამოვნებით შესატანია. საოცრად ნიჭიერი, მუსიკალური, სულ სხვა სილაღის, სიღრმის ადამიანია და თითოეული მისი სიმღერა მართლაც საყვარელია, როგორც მოსასმენად, ისე შესასრულებლად.
ჩემი იდეა იყო, რომ ეს სიმღერა ცოცხალი შესრულებით შეგვესრულებინა მაშინ, როცა „გარდენია შევარდნაძეში“ მუსიკალური საღამოები გვქონდა. მე, ნატო და „შვიდკაცა“ ერთად ვიდექით ამ ულამაზესი ბაღის სცენაზე „ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან“, ნიკოლოზ რაჭველთან, ლევან დეისაძესთან და ზაზა ცერცვაძესთან ერთად. ის საღამო სწორედ ამ სიმღერით დავასრულეთ და მსმენელთან ერთად დაახლოებით 10 წუთი ვმღეროდით. სწორედ ამ საღამოს და ამ შესრულების მერე, უკვე ბიჭების ინიციატივით, გადაწყდა, რომ ამ სიმღერის ჩვენებური ვერსია ჩაგვეწერა. სიმღერაზე ჩვენმა მეგობარმა, ზურა მახნიაშვილმა იმუშავა, მას ეკუთვნის არანჟირება. სიმღერის ავტორი რომა რცხილაძე გახლავთ, ტექსტის ავტორი – მაკა ბლიაძე.
როგორია სამომავლო გეგმები?
გიორგი ლომთათიძე: ვფიქრობთ და ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე, რაც უკვე შერჩეული გვაქვს, რომ ლიზასთან ერთად ჩავწეროთ. პარალელურად, „შვიდკაცაც“ ვმუშაობთ რამდენიმე სიმღერაზე. მაისის თვეში იგეგმება გასვლითი კონცერტები, ერთ-ერთ კონცერტს ბაქოში ვაპირებთ.
ლიზა ბაგრატიონი: მე როგორც ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, ვეჭვიანობ და არ მიყვარს ბიჭები უჩემოდ რომ არიან, მაგრამ ასეთი რამეებიც ხდება. ძალიან სერიოზული ორი სიმღერა მზადდება „შვიდკაცას“ მიერ. ჩვენ ერთად ვგეგმავთ ეკა კახიანის კიდევ ერთ სიმღერას. კიდევ რაღაც გეგმები გვაქვს. მოკლედ, რაღაცნაირად ავმოძრავდით გაზაფხულთან ერთად, გვინდა, რომ ჩვენც გავიხაროთ და ჩვენი მსმენელიც გავახაროთ.
ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე & შვიდკაცა – ვარსკვლავები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ლიზა ბაგრატიონი & შვიდკაცა. პრემიერა გადაცემაში “რადიო დუეტი”