Volkswagen-ის კონცერნის გენერალურმა დირექტორმა გერბერტ დისმა ბერლინში ეკონომიკური კონფერენციის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისი უახლოეს მომავალში დასრულდება. ბრენდის მმართველმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ცუდი დროება უკვე წარსულში დარჩა და ავტო სამყარო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. თუმცა მიუხედავად ამისა, წარმოების რაოდენობის გაზრდა მარტივი არც მომავალ წელს იქნება.
დისი ვარაუდობს, რომ მიკროჩიპების დეფიციტმა პიკს მიაღწია და ნელ-ნელა შემცირდება. ავტომწარმოებლები კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული რეგულაციების შედეგებს დღემდე აქტიურად ებრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცუდი სიტუაცია უკვე წარსულში დარჩა, ტოპ-მენეჯერმა ისიც დააზუსტა რომ დაგეგმილი რაოდენობის ავტომობილების გამოშვებას ვერც მომავალი წლისთვის შეძლებენ.
2021 წლის ოქტომბერში Volkswagen-ის წარმოება წინა წელთან შედარებით 33,5%-ით შემცირდა. თუმცა, კონცერნს მუშაობა არ შეუწყვეტია და ძველი დიდების დაბრუნებას უახლოეს მომავალში აპირებს.
