თუთუნის ფასის ზრდის რეკომენდაციამ, იმაზე დიდი პროტესტი გამოიწვია მწეველებში, ვიდრე თამბაქოს ფასის ზრდამ. რეკომენდაცია, რომელიც თავდაპირველად დეპუტატმა აკაკი ზოიძემ გააჟღერა, საზოგადოებამ არ მოიწონა და სწორედ მისკენ მიემართა აგრესია.
„მწეველი ვარ, ვიპოვე იაფი ალტერნატივა და ახლა ამასაც მიძვირებენ. ცოტა უხერხულია, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მარტო თამბაქოს ფასის ზრდით გამოიხატება,“ – განმარტავს ჩვენთან „გირჩის“ აქტივისტი გიორგი ჩინჩალაძე, რომელიც აკაკი ზოიძის ინიციატივას აქტიურად და ღიად აპროტესტებს.
მისი თქმით, ხალხი ისედაც გაღიზიანებულია, რადგან ქვეყანაში ევროპული მაგალითების გათვალისწინებით, იზრდება მხოლოდ ფასები და არაფერი სხვა.
ჩინჩალაძის თქმით, მთავრობა ადამიანის ჯანმრთელობაზე სხვანაირადაც შეიძლება ზრუნავდეს, თამბაქოზე ფასების გაზრდის გარეშე.
„მწეველი ვარ და პირადად ჩემს ფინანსებზე აისახება, ყოველი ასეთი ცვლილება. პირადად ჩემთვის ცოტა შეურაცხმყოფელია ისიც, რომ სახელმწიფო მიწყვეტს რა უკეთესია და რა არა.
მწეველებისთვის თუთუნი და თამბაქო ერთი და იგივეა. განსხვავება ის არის, რომ სიგარეტი უკვე მზა პროდუქტია და ადამიანს არ გიწევს დამატებითი საქმიანობა. თუთუნის შემთხვევაში, ვსხედვართ და “ბუღალტერიას ვაწარმოებთ”, რადგან ვნახეთ იაფი ალტერნატივა და ახლა ამაზეც ფასი უნდა გაიზარდოს. ეჭვი მეპარება, რომ ამას მართლა ჩვენი ჯანმრთელობისთვის აკეთებენ. ამაზე რომ ზრუნავდნენ, სხვანაირად შეიძლებოდა სიგარეტის წინააღმდეგ კამპანიის წარმოება. ევროპის და დასავლეთის სტანდარტები რომ მოჰყავთ, ცოტა სასაცილოა, მარტო ფასებზე აისახება ეს სტანდარტები, არა მხოლოდ თამბაქოზე…“ – ამბობს ჩინჩალაძე „ფორტუნასთან“.
აკაკი ზოიძე, რომლის მიერ გაჟღერებულ რეკომენდაციასაც მოჰყვა მწეველთა გაღიზიანება, ამბობს რომ მას არანაირი ინიციატივა ან მოწოდება არ წამოუყენებია და არც კანონპროექტის შემუშავებას გეგმავს.
თუმცა, ის ასევე დასძენს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას თამბაქოს პროდუქტებთან დაკავშირებით, ეთანხმება. ზოიძის თქმით, სიგარეტის მწეველების რაოდენობის შემცირებაზე, ეფექტი მხოლოდ ფასმა შეიძლება მოახდინოს.
„არანაირი ინიციატივა, ნაბიჯი, ჩემი მხრიდან არ იგეგმება. 2024 წლამდე უნდა მოხდეს თამბაქოზე შესაბამისი აქტის კორექტირება, როდის გააკეთებენ და როგორ, არ ვიცი.
მე პოზიცია, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაზე, დავაფიქსირე. დანარჩენი უკვე არის საგადასახადო პოლიტიკა.
ძალიან არაპოპულარულია, მესმის, მაგრამ ერთადერთი ეფექტიანი საშუალებაა ფასი, რომ ადამიანებს მოტივაცია მიეცეთ, რომ რეალურად დაანებონ თავი.
მე მთავრობას ისიც მოვუწოდე, რომ ნიკოტინის შემნაცვლებლები, ნიკორეტი, ტაბექსი თუ შესაბამისი დასაკრავი საშუალება იქნება, უფასოდ მიწოდება მოხდეს,“ – განაცხადა მან.
ფინანსთა სამინისტროშიც აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე რაიმე ახალი საკონმდებლო ინიციატივა და პროექტი არ აქვთ, თუმცა გრძელვადიან პერიოდში, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდას, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები ითვალისწინებს.
„სამინისტროს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს,“ – აცხადებენ უწყებაში „ფორტუნასთან“.
რატომ გამოიწვია რეკომენდაციამ ასეთი აგრესია, მაშინ როცა გვეუბნებიან, რომ ჯერ არაფერი იგეგმება? ზოიძე ვარაუდობს, რომ ეს ქვეყანაში გატარებული რეფორმების ფონია.
„ადამიანებს ძალიან კარგად ესმით, რომ რასაც აკეთებენ, ის ცუდი ჩვევაა, მაგრამ არანაირად არ უნდათ, რომ ამ ჩვევაზე სხვამ მიუთითოს.
ამ ჩვევით, ფულს აკლებენ, როგორც საკუთარ თავს, საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე საკუთარი შვილებისას. ალბათ, ფსიქოლოგიური მომენტია… სხვა საკითხებიც დაემთხვა, საბანკო რეგულაციები, ტექინსპექტირება და ამ ფონმა ალბათ, ადამიანებში გამოიწვია ასეთი პროტესტი,“ – განაცხადა ზოიძემ „ფორტუნასთან“.
დეპუტატმა ასევე, განმარტა რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა.
„გვთხოვეს, რომ შეგვენარჩუნებინა ის რეგულაციები, რაც გვაქვს და მიგვითითეს, რომ არსებობს კონტრაბანდის საშიშროება და გაააქტიუროს ფინანსთა სამინისტრომ კონტრაბანდასთან ბრძოლა. მინიმალურია ეს კონტრაბანდა, მაგრამ მაინც აუცილებელია ეს კონტროლის ქვეშ იყოს და მეორე, თამბაქოს პროდუქტებზე, იქნება ეს საღეჭი თამბაქო თუ სხვა ტიპის, იყოს ერთნაირი აქციზი,“ – ამბობს ის.
რაც შეეხება კონტრაბანდას, თამბაქოზე ფასის გაზრდის შემდეგ, უაქციზო თამბაქოს შემოტანის გამოვლენის ფაქტები მცირედით გაზრდილია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ „ფორტუნასთვის“ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წლის დასაწყისიდან 4 მარტამდე, ამოღებული უაქციზო სიგარეტების რაოდენობამ 22 668 კოლოფი შეადგინა.
მართალია, თამბაქოს მოხმარება 30%-ით შემცირდა, მაგრამ ეს შემცირება მწეველთა რაოდენობაზე ნაკლებად აისახა. მათ, ვინც მზა თამბაქოს ყიდვა შეწყვიტეს, ძირითადად თუთუნის მომხმარებელები გახდნენ. უცნობია, მოახდინა თუ არა ფასის ზრდამ რაიმე ეფექტი მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე.
შეგახსენებთ, გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად, კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად, სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. შედეგად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თამბაქოზე ფასმა ორჯერ – 50-50 თეთრით მოიმატა.