„ჩვენ ვრჩებით კანცელარიასთან. ვითარება უცვლელია, ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ, იქნებ პრემიერმა შეისმინოს და მიიღოს თუნდაც ერთი მშობელი, ან გამოუშვას ნდობით აღჭურვილი პირი. არავინ გამოგვხმაურებია, ისეთი სიჩუმეა, თითქოს არაფერი ხდება. კატეგორიულად ვითხოვთ, რომ სასიცოცხლო წამალი შემოიტანონ საქართველოში“, – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობელმა განაცხადა.
ეკა ჭონქაძე გადაცემაში „დღის თემა“ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ მინისტრმა მშობლები მოატყუა.
„მე ვესწრებოდი შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროში და გამოვედი პროტესტის ნიშნად. ვითხოვთ იმ შეხვედრის ჩანაწერს და არ გვაძლევენ, არადა შეთანხმება იყო, რომ მინისტრს შევხვდებოდით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩაიწერებოდა ყოველი სიტყვა. აზარაშვილმა პირობა მოგვცა, რომ მასალას გადმოგვცემდა სამ საათში, თუმცა არ გადმოგვცა. მინისტრმა გვითხრა სექტემბრამდე მოითმინეთ, ბიუჯეტში განიხილება და თუ დამტკიცდება 2024 წელს მიიღებთ პრეპარატსო. ვსხედვართ, ველოდებით, ვხმაურობთ, აღარ ვიცით, როგორ მივაწვდინოთ ხმა პრემიერს, არ ვჩერდებით, უფრო დიდი ძალა გვეძლევა“ – განაცხადა ეკა ჭონქაძემ.
მთელი დღის განმავლობაში ხმაური იყო მთავრობის ადმინისტრაციასთან. “დაუფინანსეთ წამალი ბავშვებს” – ამ მოთხოვნით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრისგან ვერ მიიღეს პასუხი, დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო წამალს მათი შვილებისთვის, ისინი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მშობლები აცხადებენ, რომ მედიკამენტი “ვოსორიტიდი” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის და მის მიღებას მხოლოდ 14-16 წლის ასაკამდე აქვს შედეგი.