LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვტოვებთ რექტორის კაბინეტს, მაგრამ ეს არის არა დასასრული პროტესტის – თსუ-ს სტუდენტური მოძრაობა

156
BeFunky-collage (4)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი, ვინც 10 ივნისს რექტორის კაბინეტი დაიკავა, ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი მოთხოვნების ნაწილი შესრულდა და ისინი რექტორის კაბინეტს ტოვებენ.

სტუდენტურმა მოძრაობა “ბრძოლა განათლებისთვის” ფეისბუკზე წერს, რომ სტუდენტების რამდენიმეთვიანმა პროტესტმა კონკრეტული შედეგები გამოიღო, მათ შორის უნივერსიტეტში “ნაწილობრივ, სისტემური ხარვეზებით” დაინერგა ჰიბრიდული სწავლება, საერთო საცხოვრებელი მიმდინარე სემესტრში გახდა უფასო, გაიხსნა დამატებით ორი საგამოცდო ცენტრი, ასევე ლისის საერთო საცხოვრებლის მესამე კორპუსი, რომელიც “მეტ-ნაკლებად აღიჭურვა ტექნიკით”.

“ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვითხოვდით ჰიბრიდულ სწავლებას და ფინალური გამოცდების ფორმატის ცვლილებას მხოლოდ ამ სემესტრში.

ამასთანავე ჩვენ კვლავ ვითხოვთ:

* საერთო საცხოვრებლის მშენებლობას სახელმწიფოს მიერ, იმისთვის რომ მეტ-ნაკლებად მოგვარდეს სტუდენტების სოციალურად არასტაბილური მდგომარეობა. ამავდროულად ვხედავთ რექტორის არჩევის წესის ცვლილების საჭიროებას, რომელიც შედარებით გააუმჯობესებს დემოკრატიის ხარისხს უნივერსიტეტში, ვინაიდან რექტორი უნდა აირჩეს აკადემიური პერსონალის სრული ჩართულობით და არა 38 წევრისგან დაკომპლექტებული აკადემიური საბჭოს მიერ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სახელისუფლებო ვერტიკალი მუდმივად ცდილობს საკუთარი ინტერესების გატარებას საუნივერსიტეტო სივრცეში. თსუ არა ერთხელ გამხდარა მსგავსი კონტროლის ობიექტი.

პროცესების მიმდინარეობის პერიოდში ჩვენ არ მიგვიღია ქმედითი პასუხები უნივერსიტეტისგან და სახელმწიფოსგან, მათი ყოველი დაპირება აღმოჩნდა ფასადური. 10 ივნისის აქცია, რომელიც დასრულდა რექტორის კაბინეტის დაკავებით იყო პასუხი რექტორატისა და აკადემიური საბჭოს მხრიდან სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გაუთვალისწინებლობასა და დაცინვაზე. აღნიშნული სივრცე წარმოადგენს ადგილს, საიდანაც ჩვენ ხმა გავაგონეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც არ ითვალისწინებდნენ სტუდენტებისათვის საჭირო სოციალურ პოლიტიკას. რექტორის კაბინეტი იქცა ერთგვარ თავშესაფრად სტუდენტებისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც ჰქონდა საცხოვრისის პრობლემა. სრულად ვიაზრებთ, ამ სივრცის სიმბოლურ ღირებულებას, რითაც გაჯიუტებულ ბიუროკრატებს ვაიძულეთ გადაეხედათ საკუთარი პოზიციისთვის.

პროტესტმა გამოიღო კონკრეტული შედეგები. უნივერსიტეტში ნაწილობრივ, სისტემური ხარვეზებით დაინერგა ჰიბრიდული სწავლება, მიმდინარე სემესტრში საერთო საცხოვრებელი გახდა უფასო, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს. ასევე გაიხსნა ორი რეგიონალური საგამოცდო ცენტრი. გაიხსნა ლისის საერთო საცხოვრებლის მესამე კორპუსი და მეტ-ნაკლებად აღიჭურვა ტექნიკით. ამასთანავე მოეწყო შეხვედრები სახელმწიფო უწყებასთან და უნივერსიტეტთან ჩვენს მიერ წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ,მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს მალე და გადაიდგას შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები, სხვა შემთხვევაში ჩვენი პროტესტი იქნება პერმანენტული და ადეკვატურად გაეცემა პასუხი პროცესებს. მოვუწოდებთ სახელმწიფოს შეიმუშაოს სოციალური პოლიტიკა სტუდენტებისთვის, რაც გააჯანსაღებს სტუდენტურ ცხოვრებას სახელმწიფოში.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვტოვებთ კაბინეტს, მაგრამ ეს არის არა დასასრული პროტესტის ტალღისა, არამედ დასაწყისი ახალი პროგრესული წინააღმდეგობის. ჩვენი ბრძოლის პრინციპულობის შედეგად ხმა გავაგონეთ სისტემას, სტუდენტების პრობლემები გახდა ფართო დისკუსიის საგანი .

მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, ლექტორს, ვისთვისაც განათლების საყოველთაოობა, თანასწორობა და სოციალური კეთილდღეობა შეუცვლელი ღირებულება, შემოგვიერთდნენ რეალური ცვლილებებისთვის ბრძოლაში.
ამიტომაც , ბრძოლა განათლებისთვის

ბრძოლა ღირსეული საერთო საცხოვრებლისთვის

ბრძოლა თანასწორობისთვის

გრძელდება!

სოლიდარობა სტუდენტებს!”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g