LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატებული მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია: „გზა ამერიკამდე არც ისე მარტივი იყო… მათთან რომ თავი დაიმკვიდრო, აუცილებლად გულწრფელი და ლაღი ადამიანი უნდა იყო…“

1189
გვანცა ბუცხრიკიძე

გვანცა ბუცხრიკიძე ახალგახრდა ქართველი მევიოლინეა, რომელმაც აშშ-ში გააგრძელა სწავლაც და კარიერაც. ის უკვე არაერთი საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და ლაურეატია. fortuna.ge მასთან ექსკლუზირუად ჩაწერილ ინტერვიუს გთავაზობთ.

გვანცა, თქვენი და სანდრო გეგეჭკორის მიერ შესრულებულმა ვაჟა აზარაშვილის ტანგომ სოცქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. როგორ მოხვდით ლონგ აილენდის სასწავლებელში?

ლონგ-აილენდის კონსერვატორიამდე დიდი და დატვირთული წლები გავიარე. 7 წლის ასაკში დავიწყე ვიოლინოზე დაკვრა და მალევე დაიწყო კონკურსები და ფესტივალები, რომლებშიც ვმონაწილეობდი და ვიმარჯვებდი. შემდეგ იყო საერთაშორისო კონკურსები, რომელთა შორისაა 2019 წლის საერთშორისო კონკურსი American Protégé, სადაც მოვიპოვე 1-ლი ადგილი და გალაკონცერტი მქონდა კარნეგი ჰოლში. არცთუ იშვიათად მეკითხებიან, თუ რატომ ვახსენებ ასე ხშირად ამ კონკურსს, პასუხი ისაა, რომ ამ კონკურსის შემდეგ დაიწყო ამერიკაზე ფიქრი. 2021 წელს გავიმარჯვე საერთაშორისო კონკურსში Chicago international music  competition, სადაც მოვიპოვე 1-ლი პრემია და სულ რამდენიმე თვის წინ American International music competition-ში ვმონაწილეობდი საქართველო-ამერიკის სახელით, სადაც მოვიპოვე მეორე ადგილი.

გზა ამერიკამდე არც ისე მარტივი იყო. გავიარე რამდენიმე ტური, ინგლისური ენის გამოცდები და ამ ყველაფრის შემდეგ მოვიდა წერილი, რომ მიღებული ვიყავი 80%-იანი დაფინანსებით.

მუსიკალური კონკურსები ჩემი ცხოვრების ნაწილია. საერთოდ, მუსიკის გარეშე გვანცა არც წარმომიდგენია, მაგრამ კონკურსები, ეს ჩემთვის სულ სხვა გამოწვევაა. ყოველ ჯერზე, მაქსიმუმს ვითხოვ ჩემი თავისგან იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო. დასახული მიზნების მისაღწევად ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, კონკურენცია კი მაღალია. ეს ის სფეროა, სადაც ფინიშთან მხოლოდ მაქსიმალურ შრომას შეუძლია მიგიყვანოს.

თავიდანვე ვიოლინოთი იყავით გატაცებული?

თავიდანვე ვიყავი გატაცებული ვიოლინოთი, მაგრამ როგორც ჩემი მშობლები მეუბნებიან, სულ პირველად, როცა ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, მუსიკის მიმართ ჩემი სიყვარული სიმღერით გამოიხატებოდა. როცა წამოვიზარდე, მამამ გადაწყვიტა, რომ ვიოლინოზე უნდა შევეყვანე და ასეც მოხდა.

რა არის თქვენი მიზანი, როგორ მუსიკალურ კარიერაზე ოცნებობთ?

წინ დიდი მიზნებია და არ ვიცი, ცხოვრება როგორ და საით წამიყვანს, მაგრამ ერთი ვიცი, რომ მუსიკის გარეშე სუნთქვა გამიჭირდება. ვოცნებობ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანო მუსიკალური სამყარო და რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუყვარდე. ამაზე დიდი, მუსიკოსისთვის არაფერია, დამიჯერეთ.

საქართველოში თუ აპირებთ კონცერტის გამართვას?

საქართველოში კონცერტის გამართვას აუცილებლად ვაპირებ, როგორც კი ჩამოვალ. უნდა მოვესიყვარულო ქართველ ხალხს და მადლობა გადავუხადო თითოეულს, უდიდესი გულშემატკივრობისთვის.

რამდენად ადვილია ქართველისთვის აშშ-ში მუსიკალურ სამყაროში თავის დამკვიდრება?

ნამდვილად არ არის ადვილი, აშშ-ში ჩამოხვიდე და უცებ ერთბაშად აიწყო კარიერა. ბევრი რამ განაპირობებს ამას და არა მხოლოდ დაკვრა. ამერიკელები ძალიან გახსნილი და ღია ხალხია. არ უყვართ ქედმაღალი ადამიანები და არც ქედმაღლობა იციან, რა არის. მათთან რომ თავი დაიმკვიდრო, აუცილებლად გულწრფელი და ლაღი ადამიანი უნდა იყო. გასაოცარია ის ფაქტიც, თუ როგორ მგულშემატკივრობენ, საერთაშორისო სტუდენტს და როგორ უხარიათ ჩემი წარმატება. თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ, რომ ასეთი საოცარი მეგობრები მყავს ამერიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g