LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატებული ქართველი ბიჭი, რომელიც ვენაში პლასტილინისგან ფილმებს ქმნის

1243
FORTUNA. GE

პერიოდულად, ბევრ ადამიანს უწევს სამშობლოს დატოვება. მათ შორის, ერთ-ერთი ბადრი სხირტლაძეა. უშუალო და ძალიან თავმდაბალია. თუმცა, სხვანაირად ვერც იქნებოდა. ის პატარებისთვის ლამაზ სამყაროს ქმნის.

2006 წლის შემოდგომაზე, საცხოვრებლად ვენაში გადავიდა. ამბობს, რომ მაინცდამაინც ფერადი ბავშვობა არ ჰქონდა. თითქოს, ნაცრისფერ სამყაროში გაიზარდა. გიყვებით ბიჭზე, რომელიც პლასტილინისგან სხვადასხვა გმირებს ძერწავს, ფილმებს ქმნის და საკმაოდ დიდი მიღწევებიც აქვს.

გურული დედა ჰყავს. იქ ხშირად ჩადიოდა ხოლმე. ,,საკმაოდ ტენიანია გურია. მიწაც ბუნებრივად სველია. საკმარისია ერთი დანის პირი ამოთხარო და მაშინვე  მიწა ამოჰყვება. თიხამიწა მომქონდა და ეზოში  ცხოველებს, ადამიანებს და შენობებს ვძერწავდი. თუმცა, არ ვიცი ეს ნიჭი ჩემში საიდან იყო. უბრალოდ ჩხირკედელაობა მიყვარდა’’.

ვინ აღმოაჩინა თქვენში ეს ნიჭი?

ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ჩემს თავს რაღაც ხდებოდა. მე ხომ არ მისწავლია. თავისით გამომდიოდა, თან ეს სიამოვნებას მანიჭებდა. შემდეგ, მშობლებმა შეამჩნიეს. თუმცა, როდესაც სკოლა დავამთავრე მინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა, მაგრამ ისე მოხდა რომ უფროსებმა თითქოს მომავალი განჭვრიტეს და ამარჩევინეს პროფესია, რომელიც მათი შეხედულებით მეტად შემოსავლიანი იქნებოდა. განათლებით, დანტისტი ვარ. შემდეგ, ვეღარ გავაგრძელე და თითქოს გული ამიცრუვდა.

ქვეყანა რატომ დატოვეთ?

მინდოდა,უკეთ მესწავლა. ვფიქრობ, ქირურგიას ავირჩევდი, მაგრამ არ დამცალდა. ბევრ რამეზე ვფიქრობდი და არეული ვიყავი. სამყაროსთან ჭიდილი მქონდა. არ მაკმაყოფილებდა ის, რასაც ვაკეთებდი. თვითრეალიზებას ვერ ვახდენდი. საკუთარ თავს ვერ ვპოულობდი.

დედა ხვდებოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ამიტომ, მითხრა ,,აკეთე ის რისი სურვილიც გაქვს’’. ამის შემდეგ, დაუგეგმავად გამიმართლა. ჩემმა ბიძაშვილმა უნივერსიტეტში სწავლა შემომთავაზა, რაზეც არც დავფიქრებულვარ. შანსი გამოვიყენე, ჩავაბარე და დავამთავრე კიდეც.

პირველისგან რადიკალურად განსხვავებული პროფესია აირჩიეთ..

კინოს და თეატრის მხატვრობა. ეს მოიცავს თეატრის ინტერიერს, სივრცეების გაფორმებას. თუმცა, ამ ფაკულტეტს არ მოუცია ის რასაც დღეს მე ვაკეთებ. სულ ძიების პროცესში ვიყავი, ჩემი სამყარო მქონდა. თავისუფალ დროს მაინც ფიგურების ძერწვით ვერთობოდი.

ჩემს მასწავლებელს ეს ამბავი ყურადღების გარეშე არ დარჩენია. ის ინსცენირებას და პერფორმანსს გვასწავლიდა. ერთ დღეს მითხრა, რომ კარგ ფიგურებს ვაკეთებდი და იცნობდა ერთ ადამიანს, ვინ ნამუშევრებით დაინტერესდებოდა. როდესაც დავურეკეთ, აღმოჩნდა, რომ ის ანიმაციას გვასწავლიდა. ზუსტად ათ წუთში მოვიდა.

ძალიან უბრალო იყო. ჩაფხუტი ეხურა, ფეხზე ,,სანდლები” ეცვა. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა შედგებოდა. ნახა ჩემი ნამუშევრები და მეორე კვირას მივედი სტუდიაში. აქ შედგა ჩემი პირველი შეხება ამ საქმესთან, რასაც ახლა ვაკეთებ.

დავინახე რომ ის ობიექტები, შემეძლო გამეცოცხლებინა. ეს იმაზე მეტი იყო ვიდრე, რაიმე ახალი. შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი საკმაოდ ცნობილი პიროვნება, ჰუბერტ სილეცკია.

მივხვდი, რომ საყვარელი საქმე აღმოვაჩინე და რაც მთავარია საკუთარი თავი ვიპოვე.

პირველი ნამუშევარი..

სტუდიაში რომ მივედი, თავიდანვე თოჯინების ანიმაციაზე მუშაობა დავიწყე. მაშინ ამ საქმეს არავინ აკეთებდა. ძირითადად კლასიკურ დისნეის სტილზე მუშაობდნენ. თითქმის ბრმად ვიღებდით კადრებს. მერე, გადაგვქონდა პროგრამაში. წარმოიდგინეთ, ფოტოგრაფი რომ მუშაობს დღეს, რომელსაც ფირი აქვს და გამჟღავნება სჭირდება და ფოტოგრაფი, რომელიც მუშაობს ციფრული ფოტოაპარატით. ასეთი დრო იყო მაშინ, როდესაც დავიწყე მუშაობა. შეიძლება ითქვას, თოჯინების ანიმაციაში პიონერი აღმოვჩნდი. იმიტომ, რომ პლასტილინით ძირითადად მე ვაკეთებდი.

პირველ ფილმს ჰქვია, ,,ფრანგული საუზმე’’. ეს იყო ტესტი და გამოწვევა, რა შედეგს დავდებდი.

რაც შეეხება ფილმს, ,,მეთოჯინეს’’ და ,,მწვანე გასაღებს’’ უფრო ვუწოდებდი.

როგორ კეთდება ეს ყველაფერი.. როგორია სამუშაო პროცესი?

წარმოიდგინეთ, რომ გარშემო რასაც ადამიანები ხედავენ ყველაფერი დავაპატარავოთ. დაახლოებით, მსგავსი სივრცეები იქმნება პატარა ზომებში. შემდეგ მოქმედი პირი თოჯინა ახდენს კონკრეტულ მოქმედებას.

თოჯინას პლასტილინის მასალით ვაკეთებ. შიდა კონსტრუქციას ძირითადად მეტალს (ალუმინს) ვიყენებ, რადგან ალუმინი რბილია და გემორჩილება. ის საშუალებას მაძლევს, რომ თოჯინა რამხელაც მინდა, იმ ზომის გავაკეთო. ასევე, იყოს სტაბილური და მყარი. ამავდროულად იყოს ელასტიკური, როგორც ადამიანი.

რაც შეეხება ნივთებს, ყველანაირ მასალას ვიყენებ. ზოგს ვყიდულობ. ავეჯი ჩემი დამზადებულია. თოჯინების დაზგა შევიძინე, სადაც მინიატურული თოჯინების ავეჯი კეთდება. შაბათობით ძველმანების ბაზრობა იმართება და სადღაც 30-40 იანი წლების თოჯინების აქსესუარები მოაქვთ. მჭირდება თუ არ მჭირდება მაინც ვყიდულობ, რადგან ვიცი რომ მომავალში გამოვიყენებ. ასევე, არის კომპანიები, რომლებიც მაგალითად პირდაპირ მინიატურულ ჭიქებს, სკამებს ან ნათურებს უშვებენ. თუმცა, რაც შემიძლია რომ ჩემით დავამზადო ვაკეთებ. ასევე, ვიყენებ ყველანაირ ნარჩენს, რომელიც შეიძლება ფილმისთვის საჭირო რეკვიზიტი აღმოჩნდეს. მაგ: ,,მწვანე გასაღებში’’ აბაზანის სცენაა, იქ ნახავთ გამათბობელ ქვაბს. ეს არის მაცივრის ერთ-ერთი დეტალი.

როდესაც პირველად ფილმი დაასრულეთ, რა ემოცია გქონდათ?

პირველი ემოცია ალბათ უფრო მეთოჯინეზე მქონდა. ფილმი დავიწყე 2009 წელს და 2012 – ში დავასრულე. რეაქცია საკმაოდ გვიან მქონდა იმიტომ, რომ სადიპლომო ნამუშევარი იყო და ცოტა წნეხი მქონდა, უამრავი განცდაც. რამოდენიმე წლის შემდეგ, ვიგრძენი ემოცია ინტიმური და პირადული. ძალიან უცნაური იყო. ჩუმი, წყნარი და ალბათ უფრო გზავნილი, რომ ფილმი ფილმად შედგა. ,,თითქოს ის რაც შენ ამ ფილმით თქვი ყველამ გაიგო”. ეს იყო მთავარი.

რა დრო სჭირდება თითო ფილმის მომზადებას?

,,მწვანე გასაღები”, რომელიც ბოლო პროექტია, დაახლოებით 15 წუთი გრძელდება. ამ წუთებისთვის 4 წელი დამჭირდა. მაგალითად, ,,მეთოჯინეში” ერთი სცენაა, ყველა თოჯინა თაროებიდან ჩამოდის. ეს შვიდი წამი გრძელდება. ამას შვიდი საათი მოვანდომე. თუმცა, მნიშვნელოვანია ის , რომ როდესაც ვმუშაობ იმ დროს სამყაროში რა ხდება, არ მაინტერესებს.

სულ რამდენი ფილმი გაქვთ შექმნილი?

ამ ეტაპზე, ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მაქვს შექმნილი. ,,ფრანგული საუზმე’’, ,,წარმოუდგენელი კოცნა’’, მესამე ნიკოლაუს ჰიპის წიგნზე იყო დაფუძნებული ,,რჩევები და თევზები’’, ,,მეთოჯინე’’ და ,,მწვანე გასაღები’’.

მიღწევებზე მომიყევით..

ფილმმა ,,მეთოჯინე’’ მსოფლიოს 12 ქვეყანაში მოიარა ფესტივალები. მაგალითად, მაკედონიის კინოფესტივალზე. ჩინეთში ავიღე, მაყურებლის სიმპათია და უამრავი სხვა პრიზი და ნომინაცია სხვადასხვა ქვეყანაში.

,,მწვანე გასაღები”, კომერციული პროექტი იყო და ბევრად უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ავიღეთ, 2018 წლის საუკეთესო თოჯინური ანიმაცია ავსტრიაში და 2018 წლის საუკეთესო ფილმის მხატვრობა, 2019 წლის ავსტრიის საუკეთესო ფილმის ნომინაცია.

რა არის თქვენი მიზანი?

სიმართლე რომ გითხრათ, ამ ცხოვრებისგან დიდად არაფერს ველოდები. არც კარგს და არც ცუდს. თუ მიზანზე ვსაუბრობთ შემიძლია გითხრათ, რაც მე მაწუხებს და რაც უფრო მოტივაციის წყაროა, ბავშვები მულტფილმებისგან არიან გაძარცვულები. უყურებენ რობოტებს, ფილმებს და თამაშებს, სადაც სიცოცხლის განადგურებაზეა აქცენტი. დღეს, ალბათ ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ბავშვებს მივცეთ ის რაც მათ კონკრეტულ ასაკში სჭირდებათ. რაც მე ომიანობის დროს არ მქონდა. მინდა, რაც შეიძლება მეტი ფერადი ანიმაცია შეიქმნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g