ქალაქებში, სადაც დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია და წყლის დეფიციტი წლიდან წლამდე იზრდება, ახალმა ქართულმა სტარტაპმა ბაზარს ინოვაციური გადაწყვეტა შესთავაზა — ავტომობილის უწყლოდ გარეცხვის სერვისი. მანქანისთვის უსაფრთხო ფორმულით და მობილური მომსახურების პრინციპით, „WashyWashy“ ცდილობს შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა იმაზე, როგორ უნდა გამოიყურებოდეს „სუფთა მანქანა“ თანამედროვე ქალაქში.
გიორგი ხანიშვილი, სტარტაპის „WashyWashy“ დირექტორი და თანადამფუძნებელი:
– დაახლოებით, 1 წლის წინ, მე და ლუკა (სტარტაპის თანადამფუძნებელი) ჩემი მანქანის გასარეცხად წავედით. საცობში მოვყევით და 30 წუთის გატარება მოგვიწია გზაში ჩემი სახლიდან 2-3 კილომეტრის დისტანციაზე მდებარე სამრეცხაომდე. დანიშნულების ადგილს როცა მივაღწიეთ, გასარეცხი მანქანების რიგი დაგვხვდა, რის გამოც კიდევ 1 საათი დავკარგეთ. გამოყვანისას კი გარეცხილი მანქანაზე ახალი ნაკაწრები შევამჩნიეთ. ამ გამოცდილების შემდეგ ისეთი სერვისის ძებნა დავიწყეთ, რომელიც დროსაც დაზოგავდა და თან მაღალ ხარისხსაც შემოგვთავაზებდა. მართალია, მანქანის გამოძახებით რეცხვის სერვისი თბილისში არსებობს, მაგრამ ან არასაკმარისად ხარისხიანად რეცხავენ ან შეზღუდვა აქვთ დროისა და ადგილმდებარეობის თვალსაზრისით. ზუსტად ამ ვითარების გააზრების შემდეგ დაგვებადა საკუთარი სტარტაპის დაფუძნების იდეა.
– რაში მდგომარეობს თქვენი სერვისის ინოვაციურობა?
– ინოვაცია დაფუძნებულია სპეციალურ უწყლო რეცხვის ხსნარებზე. რადგანაც ჩვენ არ ვიყენებთ წყალს, ეკიპირება ბევრად მსუბუქია, რაც ჩვენს მრეცხავებს დამატებით მობილობას აძლევს. ჩვენ ვიყენებთ ყველაზე მაღალი ხარისხის, ბიოდეგრადირებად და ადამიანისთვის უსაფრთხო ხსნარებს. გარდა იმისა, რომ ეს ხსნარი ათხევადებს ჭუჭყსა და დაბინძურებას მანქანაზე, მუშაობს როგორც ლუბრიკანტიც, რათა ჩვენი აღჭურვილობის გამოყენების დროს მანქანის ზედაპირი არ დაიკაწროს. რეცხვისას თითო მანქანაზე, სხვა სამრეცხაოებთან და ანალოგიურ მეთოდებთან შედარებით, დაახლოებით, 100-250 ლიტრ წყალს ვზოგავთ.

– რა სჭირდება თქვენს სერვისს უფრო მეტად დახვეწისთვის?
– ამ ეტაპზე გადაიარაღების პროცესში ვართ. ალბათ, მიმდინარე წლის ნოემბერში ისევ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, მაგრამ მომხმარებლებს გავუმხელ, რომ მალე დამატებითი მომსახურებებიც გვექნება.
– როგორ უნდა დაგიკავშირდნენ მომხმარებლები თქვენი მომსახურების მისაღებად?
– ნოემბერში ამოქმედდება ჩვენი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის მქონე სმარტფონებზე. სწორედ მისი მეშვეობით შეძლებს მომხმარებელი შეკვეთის გაფორმებას.
– როგორია იმ მომხმარებლების მხრიდან უკუკავშირი, ვისაც უკვე უსარგებლია თქვენი სერვისით?
– ძალიან დადებითი. რადგანაც მანქანის რეცხვის ეს მეთოდი ახალია, გვესმის, რომ ბევრს სკეპტიკური შეხედულება აქვს ჩვენზე, განსაკუთრებით მანქანის დაკაწვრის შიშით. მაგრამ აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, რომ მანქანა არ ზიანდება რეცხვისას. უფრო მეტიც, უკვე გაგვირეცხავს ისეთი ბრენდების მანქანები, როგორებიცაა ფერარი, როლს როისი, მერსედეს მაიბახი და ა.შ.

– თქვენი გუნდიც რომ გაგვაცნოთ – ვინ არიან სტარტაპის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები?
– ჩემთან ერთად „WashyWashy“-ს დამფუძნებელი გახლავთ ლუკა ცარციძე, რომელიც იმავდროულად ოპერაციების დირექტორიცაა. გიორგი კობერიძე კი ტექნიკური დირექტორი გახლავთ. სამივე ბავშვობის მეგობრები ვართ, რომლებმაც ხრიდოლზე გავიცანით ერთმანეთი და სტარტაპ ინდუსტრიაში ბოლო 4 წელია ვსაქმიანობთ. აქამდე შევქმენით ხელოვნური ინტელექტი სოფლის მეურნეობისთვის (კონკრეტულად მესათბურეობისთვის), Hardware-ში მობილობის ახალ გზებს ვეძებდით და ვქმნიდით და ა.შ. ამ სტარტაპების წყალობით არაერთ აქსელერატორსა და პროგრამაში (Social Impact Awards, Impact Hub „Go Green“, GIST, AceOn accelerator) გავიმარჯვეთ, ახლა კი კავკასიის უნივერსიტეტის CUnicorn +-ის წევრები ვართ.
– რა პერსპექტივას შლის თქვენ წინაშე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიან საგრანტო პროგრამაში გამარჯვება?
– ეს გრანტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ოპერაციების მასშტაბი გავაფართოოთ და ბევრად მეტ მომხმარებელს მოვემსახუროთ. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისას საერთაშორისო მენტორებისგან მიღებულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვნად წაგვწია წინ.
– როგორ ხედავთ თქვენი სტარტაპის მომავალს, არის რაიმე წერტილი, სადამდეც გინდათ რომ განვითარებით მიხვიდეთ?
– ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გვქონდეს მომსახურება, შემდეგ კი საერთაშორისო ასპარეზზე გადავინაცვლებთ, მაგალითად, აშშ-ისა და ჩინეთის ბაზრებზე, რომლებიც საკმაოდ პერსპექტიულია ჩვენთვის.