საქართველოს ავიაბაზრისადმი დიდ ინტერესზე საუბრობს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი. ლევან კარანაძე აცხადებს, რომ 2019 წლისთვის საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის რაოდენობა 6 მლნ მგზავრს მიაღწევს.
„ველით კომპანიების განაცხადებს, გუშინ შევხვდით Uzbekistan Airways-ის წარმომადგენლებს, ავიაკომპანია ფრენებს თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით 16 ივნისიდან დაიწყებს, მივესალმებით ასევე ბაზარზე SkyUP-ის შემოსვლას. მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის მიმართულება ვითარდება, ეს აეროპორტი მზარდია, არის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი და წლევანდელ დინამიკას თუ გადავხედავთ, წლის ბოლოსთვის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 6 მლნ-მდე უნდა ავიდეს,“ – განაცხადა კარანაძემ. სააგენტოს ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან, თუმცა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობს.