„გლობალურად მსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება. როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო შეფასებული სწორად. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ლოკდაუნების და ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება ევროპაში. გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის ქვეყნებს უჭირთ გამკლავება ინფიცირების მსგავს მასობრივ განვითარებასთან“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ თქვა, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა აღჭურვილობისა და ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, არ არის ამოუწურავი. მისი განცხადებით, გაგრძელდება ადაპტაციისა და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიის განხორციელება.
პრემიერმა დღეს ასევე ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და თქვა, რომ პოლიტიკური პროცესები შეფასება დღეს სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება:
„ჩვენი მოსახლეობის პირდაპირი დავალება არის, რომ ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი ვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამას. კარგად მესმის, რომ გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა, ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ და ვერ ექნება“ .
როგორც გახარიამ თქვა, 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა 9 პოლიტიკური ძალა აღჭურვა მანდატით, რომელიც პასუხისმგებლობის მანდატია, და ეს გააკეთა მაშინ, როცა რეგიონში მძვინვარებდა ფარტომასშტაბიანი ომი, სულ უფრო და უფრო ძალას იკრებს გლობალური პანდემია და მაშინ, როცა ეკონომიკური კრიზისი უფრო და უფრო მძიმდება.
პრემიერის განცხადებით, ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება მდგრადი პოლიტიკური პროცესი, იმისათვის, რომ განხორცილედეს საქართველოს ამბიციური, ევროპული გეგმის შესრულება.